ევროკავშირის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების
თვითმმართველ ქალაქებში, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის
მიზნით, 4 წლიანი პროექტი, სახელწოდებით – "მერები ეკონომიკური
ზრდისთვის" განხორციელდება.
როგორ უნდა შეძლონ თვითმმართველობებმა თავიანთ ქალაქებში ბიზნესის
განვითარება და ეკონომიკის გაუმჯობესება? ამ მიზნის მიღწევაში
პროექტის ავტორები მონაწილე ქალაქებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ
მხარდაჭერას ჰპირდებიან.
ინიციატივის ფარგლებში ქუთაისს დანიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ და
ქუთაისის მერთან, როგორც პროექტის მონაწილე ქალაქთან ხელშეკრულებაც
გააფორმეს.
პროექტის ავტორებმა შეხვედრაზე იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებებზე
ისაუბრეს, რომელსაც პროექტი სთავაზობს და ავალებს თვითმმართველ
ქალაქებს.
"თქვენ თვითმმართველობის მცირე გამოცდილება გაქვთ და ამიტომ, ძალიან
ბევრი რამ უნდა გაკეთდეს თქვენი ეკონომიკური სისტემის
გაუმჯობესებისთვის. ამავე დროს, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი დავალება,
რომელთა შესრულებაც გაამარტივებს ეკონომიკისა და ბიზნესის
განვითარებას და უზრუნველყოფს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას", –
განმარტა შეხვედრაზე დანიის წარმომადგენელმა.
ქუთაისის მერიას, პროექტის ფარგლებში, ერთ წელიწადში ეკონომიკური
განვითარების გეგმის შემუშავება დაევალება. 24 თვეში კი აღებული
ვალდებულებები უნდა განახორციელოს.
ევროკავშირის 4 წლიანი ინიციატივა, წევრ ქალაქებში პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი აქტივობების შესრულების მონიტორინგსაც გულისხმობს.
პროექტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების ეკონომიკურ განვითარებაზეა
ორიენტირებული, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში ხორციელდება,
რომელთაგან ერთ–ერთი საქართველოა, ხოლო, საქართველოში პირველი
ქალაქი ქუთაისია, რომელიც პროექტს ოფიციალურად შეუერთდა.
შეხვედრის ბოლოს, ქუთაისის მერს, როგორც პროექტის პირველი მონაწილე
ქალაქის ხელმძღვანელს, სერთიფიკატიც გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები