იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში
ეკლესიებისთვის გადაცემულმა თანხამ 4 942 603 ლარი
შეადგინა.
2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტამდე იმერეთის
მუნიციპალიტეტების მიერ მართლამადიდებლური ეპარქიის ეკლესიებისთვის
უსასყიდლოდ 90 140 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაიცა.
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ბოლოს 4 წლის განმავლობაში ყველაზე
მეტი თანხა ეკლესიებს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 1 199 194 ლარი
გადასცა. ხოლო ყველაზე დიდი ქონება (მიწის ნაკვეთი) ბაღდათის
მუნიციპალიტეტმა 71 165 კვ.მ გასცა, თანხობრივად ამ
მუნიციპალიტეტიდან გაცემულმა თანხამ 128 500 ლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ
კვლევა არასამთავრობო ორგანიზიაცია "საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველომ" მიმდინარე წლის 9 ივნისს
გამოაქვეყნა.
" 2013-2014 წლებში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოიყოფოდა თერჯოლის
საკათედრო ტაძრის ეზოს მოვლა-პატრონობისათვის 1700-2000 ლარი. ამავე
წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სოფელ გოგნში წმ. გიორგის სახელობის
ტაძრის მშენებლობის მიზნით ჯამში გადარიცხული იქნა 1 000 000 ლარამდე
თანხა, ხოლო ამავე მონასტერს მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ორჯერ -
იანვარსა და თებერვალში გადაუხადა ელექტროენერგიის ხარჯი 1246.9 ლარის
ოდენობით", - ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა 2013 წელს 100 000 ლარი
მართლმადიდებლურ ფონდ "გოგნის კარუგდებელს"გადაურიცხა. "ფონდის
მიმართვაში აღნიშნული თანხის კონკრეტული საჭიროება არ იკვეთებოდა,
ფონდს არც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები წარუდგენია თანხების
მიზნობრიობის განსასაზღვრად.
კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნციპალიტეტბის მიერ ეკლესიებზე გაწეული
ხარჯი ასეთია:
ტყიბულის მუნიციპალიტეტმა 2013 წლიდან 2017 წლის 20 მარტის
ჩათვლით რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემულმა თანხამ 2200 ლარი
შეადგინა.
ხარაგაულის გამგეობამ საკვლევ პერიოდში რელიგიური დღესასწაულებთან
დაკავშირებით სოციალური პროგრამებიდან 47 281 ლარი დახარჯა, კერძოდ,
დახმარება გაუწიეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკვები პროდუქტების
მიწოდების გზით. გამგეობას რელიგიური ორგანიზაციებისათვის
გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაცია "გამჭვირვალობისთვის"
არ მოუწოდებია. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში ხარაგაულის
ბიუჯეტიდან -372 200 ლარი გაიცა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ საჩხერის
მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე
დგინდება, რომ 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით,
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიისათვის 194 300 ლარი გასცა.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "ა(ა)იპ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის
განვითარების ფონდს" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 215 000
ლარი გამოუყო.
"ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მიერ 2015, 2016 და 2017 წლებში
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გაგზავნილ წერილებში მოთხოვნები
იდენტურია, კერძოდ, მიტროპოლიტი ყოველ წერილში 40 000 ლარის ოდენობის
თანხის გამოყოფას ითხოვს ვანის ოლქში მდებარე ეკლესია-მონასტრების და
მღვდელმთავრის რეზიდენციაში მიმდინარე სამუშაოების საჭიროებებისა და
რელიგიური ღონისძიებებისათვის, თუმცა მოთხოვნას თან არ ერთვის
შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა" - წერია კვლევაში.
ამავე პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტიდან ეკლესიებზე გაცემულმა
თანხამ 517 000 ლარი შეადგინა.
ხონის მუნიციპალიტეტმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"
მოთხოვნის მიუხედავად, კორესპონდენცია არ გამოუგზავნა, შესაბამისად,
ორგანიზაციამ ვერ გადაამოწმა დეტალურად მოცემული თანხები რა მიზნით
იქნა გახარჯული.
399 999 ლარი გადაურიცხა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 –
2017 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების
მშენებლობა-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გაენათის ეპარქიას.
2013 - 2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მარგვეთისა
და უბისის ეპარქიას 317 010 ლარი გადასცა.
კვლევის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის"
მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარგვეთისა და უბისის ეპარქიისთვის
გამოსაკვლევ პერიოდში გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა,
მაგალითად, 2017 წელს 2016 წლის 23 დეკემბრის N24 საკრებულოს
დადგენილებით გამოყოფილია 108 200 ლარი, რაც 2013 წელს გამოყოფილ
თანხასთან შედარებით 3-ჯერ (34 000 ლარი), ხოლო 2014 წელთან შედარებით
2-ჯერ (56 300 ლარი) მეტია.
2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით სამტრედიის
მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხონი-სამტრედიის ეპარქიას სუბსიდიის სახით
926 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო 305 ლარი გასცა ამავე პერიოდში
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა.
ქუთაისის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში
ქუთაის-გაენათის ეპარქია 366 200 ლარით
დააფინანსა
მასალის გამოყენების პირობები