პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
გოგი წულია, განათლების რესურსცენტრის დირექტორს, ბადრი ვაშაკიძეს
სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს.
წულაიამ ქუთაისის # 2 საჯარო სკოლასთან, რომლის შენობის ერთ-ერთი
ნაწილი რამდენიმე თვის წინ რესურსცენტრს ეკავა, ბრიფინგი გამართა.
წულაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესურსცენტრი უკვე გადავიდა
ახალ მისამართზე (წერეთლის ქუჩაზე -რედ.) ბადრი ვაშაკიძეს დაცლილი
შენობიდან ინვენტარის ნაწილი არ გააქვს.
"იანვრის მერე გადასულია ახალ შენობაში, რაც სახელმწიფოს ფული დაუჯდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ითხოვენ, დაგვიბრუნეთ ჩვენი შენობაო.
ისედაც ბევრია ამ სკოლაში კონტიგენტი და საკლასო ოთახების უკმარისობის
გამო, ათობით ბავშვი დარჩენილია სკოლის გარეთ. პიკს აღწევს უკვე მისი
სისულელეები", - ამბობს გოგი წულაია.
მისი თქმით, ვაშაკიძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ნათესავია და სწორედ
ამ ნიშნით აფარებენ მას ხელს.
ბრალდებებს ბრალდებით პასუხობს თავად რესურსცენტრის ხელმძღვანელი და
წულაიას პირად დაინტერესებაში ადანაშაულებს. მისი თქმით,
რესურსცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, ანა ლეჟავა გოგი წულაიას ახლო
ნათესავია, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ როგორც რესურსცენტრის
თანამშრომელმა, ერთ-ერთ საკრედიტო ორგანიზაციაში ხელფასის ყალბი ცნობა
მიიტანა. ბადრი ვაშაკიძის თქმით, მან ანა ლეჟავა დოკუმენტების
გაყალბებაში ამხილა და საქმე გენერალურ ინსპექციას გადასცა.
ბადრი ვაშაკიძე ვარაუდობს, რომ გოგი წულაია ახლა მასზე ამ ფორმით
ცდილობს ზეგავლენის მოხდენას.
"პროვოკატორია ეს ადამიანი. მაგის დეიდაშვილია ჩემი ბუღალტერი და ის
აწვდის ამ სისულელებს, რომელსაც თავის მხრივ, სისხლის სამართლის
დანაშაული აქვს ჩადენილი. მან სამსახურის ხელფასის ცნობა გააყალბა და
ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციიდან დიდი ოდენობით ფული გამოიტანა. ეს
ინფორმაცია გადავეცი გენინსპექციას, რომელმაც გადასცა პროკურატურას.
მაგას საქმე აქვს ცუდად. ხელმოწერას არ აკეთებს გამოცხადების ჟურნალში
და შესაძლოა ამის გამო მის გათვაისუფლებამდეც მივიდეს საქმე. ახლა
წულაიას საშუალებით ცდილობს მოახდინოს ჩემზე ზემოქმედება, რომ მე ვერ
გავბედო და მას სახდელი დავადო შინაგანაწესის დარღვევის გამო", -
ამბობს ბადრი ვაშაკიძე.
რაც შეეხება, რესურსცენტრის ყოფილ შენობას, იგი არ უარყოფს, რომ
შენობაში ინვენტარის ნაწილი ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, ამბობს, რომ
შენობიდან ნივთების გამოტანა, მისი გადასაწყვეტია.
"ეს არის გამოუყენებელი ფართი. ვინ კითხავს წულაიას სად რა არის. ჩემი
ინვენტარია და როცა მინდა მაშინ გადმოვიტან", - ამბობს ბადრი
ვაშაკიძე.
რესურსცენტრის ყოფილი შენობის ათვისებას ჯერჯერობით არ გეგმავს
ქუთაისის # 2 საჯარო სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი. მისი თქმით,
შენობაში არსებული ინვენტარი მას ხელს არ უშლის.
"ჯერ სკოლის მთავარი შენობის პირველი სართულის რეაბილიტაცია უნდა
ჩატარდეს. ამისთვის კი როდის გამოიყოფა თანხები, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ვიცი იქ დოკუმენტების დაარქივება მიდის და მე არანაირად არ
მიშლის ხელს", - ამბობს მურად ჯიშკარიანი.
ქუთაისის საგანმანატლებლო რესურსეცნტრი ამ დროისთვის წერეთლის ქუჩა
#21-ში მდებარეობს. ორსათთულიანი შენბის მოსწობად განათლების
სამინისტრომ 70 000 ლარი გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები