შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მზარეულები საზღვრებს გარეშე''
(Cuisine sans frontieres) განხორციელებული პროექტის ფარგლებში "წყალტუბოს გასტრონომიის სკოლის" 64 კურსდამთავრებულს დიპლომები გადაეცათ.
ცერემონია სასტუმრო ,,წყალტუბო სპა რეზონტში'' გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მზარეულები საზღვრებს გარეშე" ქართული პარტნიორი ორგანიზაციის "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის" ხელმძღვანელის თამარ ჯანაშიას თქმით, შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტი წყალტუბოში უკვე მეორედ ხორციელდება, მზარეულების, მომსახურე პერსონალისა და სასტუმროს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები 16 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს როგორც ქართული, ისე უცხოური პოპულარული კერძების მომზადება და შეიძინეს მზარეულების მუშაობისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევები; როგორებიცაა საჭმლის შენახვა, ჰიგიენა, სამზარეულოს ყოველდღიური დაგეგმვა, სუფრასთან მომსახურება და ბარმენობა. მისივე განმარტებით, სკოლას უძღვებოდნენ გამოცდილი ქართველი და შვეიცარელი მზარეულები, გადამზადდა თავად მასპინძელი სასტუმროს სამზარეულოს პერსონალიც.
"წყალტუბო საკურორტო სეზონის დაწყებას განახლებული ინფრასტრუქტურით, სასტუმროებისა და აბაზანების გაზრდილი რაოდენობით და ბუნებრივია, საზოგადოებისგან მეტი ინტერესით ხვდება. ამიტომაც სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ტურისტული მომსახურების ხარისხის საკითხიც და ანალოგიური სახის პროექტები ჩვენგან ყოველთვის მხარდაჭერით სარგებლობს. ვცდილობთ ჩვენი თანამშრომლობა უკეთეს ხარისხში გაგრძელდეს" - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეისვილმა, რომელიც დიპლომების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები