სწავლის ხარისხი, პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაცია,
სახელმძღვანელოების შეუსაბამობა, ლექტორების მხრიდან სექსისტური
გამონათქვამები - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს დღეს გამართულ
საჯარო ლექციაზე.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა,
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშთან და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად ზემოთ
აღნიშნულ საკითხების გარდა "უმაღლესი განათლების შესახებ'' კანონში
დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს.
თუმცა, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესის
საგანი და კითხვები მათ სასწავლებელში არსებულ პრობლემებზე საუბარს
ეხებოდა.
აწსუ-ს ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტმა კითხვა სწავლის ხარისხის
დაბალ დონეზე დასვა და წიგნების ხარისხზე ისაუბრა.
"ინგლისური ენის სპეციალისტი გვასწავლის კლასიკურ ფილოლოგიას. ხშირ
შემთხვევაში ლექტორი თავისი ნაწერი კონსპექტით "გვასწავლის"
ლექციაზე", - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტი.
სტუდენტებმა ასევე, უნივერსიტეტების ადაპტირების მნიშვნელობას გაუსვეს
ხაზი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს თანაბარი შესაძლებლობის
ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტების მხრიდან ძირითადი აქცენტი
კეთდებოდა განათლების ხარისხზე. ისინი არიან დაინტერესებულნი
ხარისხიანი განათლებით", - ამბობს მარიამ ჯაში.
სტუდენტების ინიციატივით საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში
კვლევა პირველად ჩატარდება, რათა სისტემურად გამოიკვეთოს მათთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. შემდეგ კი, კვლევის გათვალისწინებით
საკანონმდებლო წინადადების შექმნას გეგმავენ.
"ეს კვლევა, რომელიც მაისის თვიდან თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში,
ბათუმსა და თელავში ჩავატარებთ მოიცავს ყველა იმ საკითხებს, რომელიც
სტუდენტსა და უნივერსიტეტს უკავშირდება. ესაა სოციალური საკითხები,
სწავლის ხარისხი, უთანასწორობის პრობლემა და სხვა", - ამბობს გიორგი
ბურჯალიანი.
საჯარო ლექციაზე ასევე გაჟღერდა, რომ რეგულაციები გამკაცრდება
არააკრედიტირებული სასწავლებლების მიმართ და პროფესიული განათლების
შესახებ კანონში ცვლილებები შევა.
მარიამ ჯაშის თქმით, თუკი ადრე კოლეჯის სტუდენტს უმაღლესში სწავლის
გასაგრძელებალდ სკოლაში დაბრუნება უწევდა და ზოგადი განათლების
საფეხურის დასრულებას მოითხოვდა, ცვლილებების შემდეგ კოლეჯის შემდგომ
ნებისმიერ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების
შემთხვევაში პირდაპირ უმაღლესში მოხვედრა შეეძლება და მათ საატესტატო
გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.
რაც შეეხება, არააკრედიტირებულ სასწავლებლებში რეგულაციების
გამკაცრებას, მარიამ ჯაში ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასეულობით
შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები სასწავლებლებს შეცდომაში შეჰყავთ და
არაკრედიტირებულ პროგრამებზე სწავლობენ.
"მხოლოდ პროგრამის დასრულების შემდგომ დგებიან სტუდენტები ფაქტის
წინაშე ვერ იღებენ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთს,
რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა. მსგავსი ფაქტები ხდება
უცხოელი სტუდენტების შემთხვევაშიც. ეს არის არის მხოლოდ კონკრეტული
უნივერსიტეტის პრობლემა, ესაა საქართველოს განათლების სისტემის
ავტორიტეტისა და სანდოობის საკითხი", - განმარტავს მარიამ ჯაში.
აღნიშნული საჯარო ლექცია "სტუდენტები საქართველოდან" პროექტის
ფარგლებში ჩატარდა, რომელიც "ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების" მიერ
ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანაშრომლობით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები