ქუთაისის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მომხმარებელს ვადაგასული
პური მიჰყიდეს.
ამის შესახებ "ქუთაისიპოტს" თავად
მომხარებელმა ზურაბ ფირცხალავამ მიმართა.
ის ამბობს, რომ ე.წ. "ლიტვური" პური ქუთაისში ბუკიას ქუჩაზე
მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ
პური დაობებული იყო.
"მართალია, ყველა მაღაზიაში ვერ დადგება მაკონტროლებელი და ეს
შეუძლებელია, მაგრამ სისტემური შემოწმება უნდა ხდებოდეს და
დაუგეგმავად სხვადასხვა ობიექტებს პერიოდულად უნდა ამოწმებდნენ.
ასეთ შემთხვევაში უფრო ყურადღებით იქნება მარკეტში
დასაქმებული, რომ არ აღმოუჩინონ ვადაგასული, თუ დაზიანებული
პროდუქცია", - ამბობს
მომხმარებელი ზურაბ ფირცხალავა.
რეაგირების მიზნით მომხმარებელმა საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს 2017 წლის 16 მაისს მიმართა. რომლის
საფუძველზეც, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული
სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ მითითებულ მარკეტში
ჩატარდა არაგეგმური შემოწმება.
"მითითებულ ობიექტში საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად
განთავსებულ სურსათზე დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისადმი
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ვარგისიანობის
ვადა და შენახვის პირობები. ბიზნესოპერატორს უზრუნველყოფილი აქვს
მიკვლევადობა დოკუმენტირებულად. ობიექტში განთავსებულ სხვადასხვა
სახეობის პურზე: "ლიტვური" დიეტური, "ლიტვური" საოჯახო, "ლიტვური"
ტოსტის დაცული იყო ვარგისიანობის ვადები. რაც შეეხება, სატელეფონო
შეტყობინებაში აღნიშნული "ლიტვური" საოჯახო, შენახვის ვადით -16
მაისი, მარკეტში არ აღმოჩნდა," - განმარტებულია სურსათის ეროვნული
სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს დასკვნაში, რომელიც
გამოგვიგზავნეს.
სააგენტოში განმარატვენ, "ლიტვურ" პურთან დაკავშირებით ზურა
ფიცხალავას მსგავსად სხვადასხვა რეგიიონადაც უკავშირდებიან
მომხარებლები, რის საფუძველზე ამ პურის საწარმოს შემოწმება ჩაუტარდა.
"შესაბამისად, ეტიკეტირებისადმი საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო, მწარმოებლის
მიმართ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 -ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად შედგა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი- საჯარიმო ქვითარი , რომელიც
400 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითვალისწინებს", - განგვიმარატეს
სააგენტოში.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის
განმარტებით, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება,
საჭმელად უვარგისი პროდუქციის რეალიზაციისა.
"ყოველდღე ვერ გაკონტროლდება და ვერ შემოწმდება მარკეტები, ფიზიკურად
არ არსებობს ამის რესურსი და შესაძლებლობა. ამიტომ ყველამ უნდა აიღოს
თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ შემცირდეს ასეთი ფაქტები," - ამბობს
მადონა კოიძე.
მასალის გამოყენების პირობები