ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი
სახლიას" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია გოქაძემ ქუთაისში ჩატარებულ
ქართულ -რუსული კინოკვირეულს გამოეხმაურა და
აღნიშნული ღონისძიება რუსული პროპაგანდის მაგალითად და რუსული რბილი
ძალის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნია.
"ქუთაისში ჩატარდა ქართულ-რუსული კინოკვირეული, მაშინ როდესაც ევროპა
და ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგანან საქართველოს. ამ დროს
ქუთაისში ტარდება ეს კვირეული და მასში მონაწილეობას იღებს ქალაქის
მერი და მეუფე კალისტრატე - ქალაქისა და ეპარქიის პირველი პირები", -
აღნიშნა გია გოქაძემ.
გია გოქაძის თქმით, ისინი ორ წერილს გაუგზავნიან როგორც ქალაქის მერს,
ისე ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს, რომლებშიც
კათალიკოს ამბროსი ხელაიას (1861-1927) გენუის კონფერენციისადმი
მიმართვა იქნება ჩადებული, ასევე იმ მეომართა სია, რომლებიც 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ.
"წაიკითხონ და გაეცნონ ვინ არის ჩვენი მტერი და მოყვარე", - აღნიშნა
გია გოქაძემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებმა და
საქართველოში მოქმედმა საელჩოებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოს
რეგიონებს, რადგან აქ ღიად მიმდინარეობს რუსული პროპაგანდა, როგორც
საერო ისე სასულიერო ხელისუფალთა მხრიდან.
"ადგილობრივი ხელისუფლება არის ღიად ჩართული რუსული პროპაგანდის
წარმოებაში, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და
ძალიან მძიმედ შემოგვიტრიალდება, თუკი ყურადღება არ მიექცა", -
აღნიშნა გოქაძემ.
ქუთაისში 1-3 მაისს ჩატარდა რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის
სახელობის რუსულ- ქართული კინოკვირეული.
მასალის გამოყენების პირობები