ქუთაისში, რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული
ელდარ შენგელაიას ფილმის "სავარძელი" პრემიერით დაიხურა.
ახალი ფილმის ჩვენებას კინო "საქართველომ" უმასპინძლა.
"ლტოლვილთა მისვლა-მოსვლის სამინისტროში", სადაც მოქმედება ვითარდება,
მუდმივი მხოლოდ სკამია, მინისტრები კი პოლიტიკური ვითარების
ცვლილებასთან ერთად იცვლებიან.
თავად გამოუტანა განაჩენი საკუთარ თანამდებობას, მინისტრის
როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ნიკა თავაძემ, როცა ერთ-ერთი
შენობიდან ლტოვილების გამოსახლების ბრძანება გასცა.
წინასაარჩევნო პერიოდში ამ არამომგებიანმა ნაბიჯმა მისი
თანამდებობრივი კარიერა დაასრულა. მის შემცვლელად კი ლტოლვილთა
უფლებების დამცველი, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი
გვევლინება, რომელიც ფილმში ვიტალი ხაზარაძემ განასახიერა.
ფილმში საკუთარ როლს ეპიზოდურს უწოდებს თავად ვიტალი ხაზარაძე,
რომლითაც მისი სამსახიობო დებიუტი შედგა.
"ერთჯერადი მცდელობა იყო ჩემი მხრიდან. არავითარ მსახიობურ ნიჭზე არა
არის აქ საუბარი. ბატონმა ელდარმა დამითანხმა",-განაცხადა ვიტალი
ხაზარაძემ.
ფილმში ასევე მონაწილეობენ ქართული კინოს ცნობილი სახეები: ნინელი
ჭანკვეტაძე, ნანა შონია, ტრისტან სარალიძე, ნანული სარაჯიშვილი და
სხვები.
რეჟისორი პრემიერაზე გადამღებ ჯგუფთან და ფილმის მონაწილე
მსახიობებთან ერთად ჩამოვიდა.
"არ ვიცი მოგეწონათ თუ არა, მაგრამ პრემიერა შედგა. მე ეს ფილმი ჩემს
მეგობრებს მივუძღვენი",-განაცხადა ელდარ შენგელაიამ ჩვენების
დასრულების შემდეგ.
უკვე გადაწვეტილია, რომ მომავალ წელს კინოკვირეულის ჟიურის
თავმჯდომარე ელდარ შენგელაია იქნება.
მასალის გამოყენების პირობები