მიმდინარე წლის 3 მაისიდან მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის
აღება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გარდა,
იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შეეძლებათ.
სიახლის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით,
მსურველმა პირმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად
მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა
კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა.
ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1
სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
სამინისტროს ცნობით, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის
ფილიალებში ეტაპობრივად შსს-ს მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისებიც
დაინერგება. მათ შორისაა, განმეორებითი მართვის მოწმობის და
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ცნობა
სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, იარაღის
სამართლებრივი მდგომარეობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები