ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ე.წ. მაუდის ქარხნის
შენობა დაიწვა.
ორსართულიან შენობაში 6 კომერციული ფართი იყო განთავსებული, რომლებიც
ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.
ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
თავდაპირველად ცეცხლი შენობის მეორე სართულს მოედო, შემდეგ კი
ხანძარი პირველ სართულზეც გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ხანძრის შესახებ
შეტყობინება 28 აპრილს, ღამის 3:30 წუთზე შევიდა.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო სამსახურის ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას
დილამდე ცდილობდნენ.
დაზარალებულები ხანძრის გაჩენის კონკრეტულ მიზეზზე ვერ საუბრობენ.
მათი თქმით, შენობაში ელექტროობა გამართული იყო.
სს "მაუდი 2000"-ის დირექტორი, ამირან ბაღდავაძე ვარაუდობს, რომ
შესაძლოა, ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.
"ფეხსაცმელების ცეხებია და ბიჭები იყვნენ იქ. შესაძლოა, სიგარეტის
ნამწვი დააგდეს და მერე გაღვივდა. ზუსტად ვერაფერს გეტყვით", -
ამბობს ამირან ბაღდავაძე.
ადგილზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე არიან
მობილიზებული და ხანძრის ბოლო კერებს აქრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც
ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები