ქუთაისში მერიაში სოციალური საცხოვრისში ბინების მისაღებად შესული
განაცხადების განხილვა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ
განუცხადა.
"პირველადი გაცხრილვა გაკეთდა და შემდეგ გადამოწმება მიდის ვინმეს
საკუთრებაში ხომ არ არის რაიმე ტიპის ქონება, ანუ ხომ არ არის რაიმე
მცდარი ინფორმაცია. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული," - ამბობს
შოთა მურღულია. თუმცა, მერიაში ვერ აკონკრეტებენ გაცხრილვის შედეგად
რამდენი ბენეფიციარი დარჩა ან როდის დასრულდება შესული
განცხადებების გადამოწმება.
ქუთაისის მერიას უსახლკაროთა სოციალურ საცხოვრისში ბინების მიღების
მოთხოვნით სულ 402-მა ადამიანმა მიმართა. ნიკეას ქუჩაზე მდებარე
საცხოვრისი კი 48 ოჯახზეა გათვლილი.
მის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი დაიხარჯა.
მერიაში სოციალური საცხოვრისის განაწილების წესი და შეფასების
კრიტერიუმები შეიმუშავა, რომელიც ფართის მიღების მსურველებისთვის
კონკრეტულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს აწესებს.
ბენეფიციართა დაკმაყოფილება სხვადასხვა კრიტერიუმით მინიჭებული
ქულების ჯამურ რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
ქულები თავშესაფრის მაძიებელ პირებს 6 ძირითადი პუნქტის მიხედვით
მიენიჭება.
მაგალითად, მათ, ვისი სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის განსაზღვრული
სარეიტინგო ქულა 57 000–ზე ნაკლებია, სპეციალური კომისია ქულების
საერთო შკალაში 30 ქულას მიანიჭებს; ხოლო ის, ვისი სოციალური
მდგომარეობაც შესაბამისმა სამსახურმა 100 000 ქულაზე მეტით შეაფასა,
მხოლოდ 5 ქულას მიიღებს.
სოციალურ საცხოვრისს ვერ მიიღებს ის პირი, რომლის სარეიტინგო ქულა
შეადგენს 200 000–ს და მეტს, ასევე, თუ მისი რეგისტრაციის
ხანგრძლივობა ქალაქში არ აღემატება 2 წელს.
სოციალური საცხოვრისით სარგებლობა პირს 5 წლით შეეძლება, რის შემდეგაც
ქუთაისის მერია ბენეფიციარს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებელი
ფართის ქირით უზრუნველყოფას შესთავაზებს.
თუ როგორ გამოიყურება სოციალური საცხოვრისი, რომლისთვისაც 2 მილიონზე
მეტი დაიხარჯა, ნახეთ
ფოტორეპორტაჟი.
სად და რა პირობებში ცხოვრობენ ქუთაისში სოციალურად დაუცველები,
რომლებიც თავშესაფარის მიღების მოლოდინში არიან, ნახეთ
ვიდეოსიუჟეტი.
ამავე თემაზე:
ქუთაისში
50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ
ქუთაისში
სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება
სოციალური
საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
დენის, წყლისა და
გაზის გარეშე - სოციალურად დაუცველთა ცხოვრება საცხოვრისის
მოლოდინში
ქუთაისის მერიამ
სოციალურ საცხოვრისში ფართის განაწილების წესი
შეიმუშავა
მასალის გამოყენების პირობები