ამ წუთებში ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზრობაზე
გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს.
დახლების დემონტაჟს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ. პროცესს ადგილზე
ხელმძღვანელობენ ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, მურად იობიძე
და მისი მოადგილე, ზურაბ დიდბარიძე.
მაგიდების დემონტაჟი საღამოს 20:30 საათზე დაიწყო.
მურად იობიძის თქმით, გარემოვაჭრეები აღნიშნულის შესახებ წინასწარ
იყვნენ გაფრთხილებულები.
"3 დღით ადრე გავაფრთხილეთ ყველა. დღესაც ჩამოვუარეთ. მთელი ჭავჭავაძე
გათავისუფლდება",–ამბობს, მურად იობიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.
მისივე თქმით, საღამოს საათებში დემონტაჟი იმ მოტივით დაიწყო, რომ
დღის განმავლობაში ადგილზე გადატვირთული მოძრაობაა, რაც პროცესს ხელს
შეუშლიდა.
მურად იობიძის განცხადებით, ხვალ დილიდან, ჭავჭავაძის გამზირზე
საპატრულო პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები
იმორიგევებენ, რათა, კვლავ არ მოხდეს გარევაჭრობის
განახლება.
ამ წუთებში, გარემოვაჭრეთა დახლები დასუფთავების მანქანებით
ტერიტორიიდან გააქვთ.
მასალის გამოყენების პირობები