ქუთაისში, ავტოქარხანაში, ჩხობაძის ქუჩის #11-ში მდებარე აფთიაქში
სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დარღვევები აღმოაჩინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აფთიაქი შესაძლოა 6000 ლარით
დააჯარიმოს.
სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წლის 6 აპრილს ჩხობაძის
#11-ში მდებარე აფთიაქში შემოწმება ჩაატარა. შემოწმების შედეგად
დადგინდა, რომ აფთიაქში პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტები
ურეცეპტოდ იყიდებოდა და დახლებზე ვადაგასული მედიკამენტები იყო
განთავსებული.
სააგენტომ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ აფთიაქში მიმდინარე წლის
1 თებერვლიდან 6 აპრილამდე 24 915 მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიყიდა.
ასევე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აფთიაქში იყიდებოდა
ინსტრუქციით დადგენილი წესების დარღვევით შენახული და ვადაგასული
მეტიკამენტები. ასეთი სულ 1124 ერთეული სამედიცინო პროდუქტი აღმოჩნდა,
რომელიც აფთიაქს ჩამოერთვა და მისი კონფისკაცია განხორციელდა.
რეგულირების სააგენტომ აფთიაქის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი
შეიტანა.
აფთიაქში ურეცეპტოდ წამლების გაყიდვის ფაქტს უარყოფენ. თუმცა, ადგილზე
მყოფი დაწესებულების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფსიქოტროპულ
მედიკამენტებს რამდენიმე თვის წინ ყიდდნენ, მაგრამ მაშინ მხოლოდ
რეცეპტით იყიდებოდა, ახლა კი საერთოდ არ აქვთ მსგავსი ტიპის
მედიკამენტები.
„2-3 თვის წინ იყიდებოდა აქ წამლები, მაგრამ ვყიდდით მხოლოდ რეცეპტით,
ახლა აღარ შემოგვიტანია“ - აცხადებენ აფთიაქში. ასევე
ადასტურებენ, რომ ისინი რეგულირების სააგენტომ შეამოწმა, თუმცა მათი
თქმით, იქ საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ.
„შეგიძლიათ არ შეგეშინდეთ. მოვიდნენ და შემამოწმეს, მაგრამ არაფერი
ყოფილა. რომ ყოფილიყო, ხომ დამხურავდნენ,“ - აცხადებენ აფთიაქში.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ ახლა ქუთაისის
საქალაქო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დააჯარიმებს თუ არა ამ აფთიაქს
6 000 ლარით, ასევე სააგენტოს მიერ წარდგენილი საჩივრის მიხედვით
აფთიაქის პასუხისმგებელ ფარმაცევტს, შესაძლოა, საქმიანობა
აეკრძალოს.
„სასამართლოს გადასაწყვეტია დააჯარიმებს თუ არა აფთიაქს, ასევე
პასუხიმგებელ ფარმაცევტს ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა,
ჩამოერთვას სამედიცინო საქმიანობის უფლება და პირველი ჯგუფის
მედიკამენტების რეალიზაციის უფლება, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების
რეალიზაციის უფლება 1 წლის ვადით შეუწყდეს“, - განაცხადა სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული
საქმინობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა
შაშიაშვილმა.
მისი თქმით, თუ აფთიაქში მსგავსი დარღვევები მომავალშიც დაფიქსირდება,
ის შესაძლოა 12 000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო ფაქტის მესამედ დაფისირება
უკვე აფთიაქის დახურვას გამოიწვევს.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დადგენილი ნორმების მიხედვით,
პირველი ჯგუფის მედიკამენტებში შედის ფსიქოტროპული და მათთან ლეგალური
ბრუნვის თვალსაზრისით გათანაბრებული მედიკამენტები, ხოლო მეორე ჯგუფში
არის სხვა დანარჩენი წამალი, რომელსაც ესაჭიროება რეცეპტი.
სამედიცინო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს და
დაწესებულებებს შესული შეტყობინების და სააგენტოს უფროსის ბრძანების
საფუძველზე ამოწმებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 488
ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტი გამოავლინა. აქედან პირველი ჯგუფის
ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის
113, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების უნებართვოდ გაყიდვის 161
ფაქტია.
2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 148 ადმინისტრაციული ოქმი
შეადგინა.
რაც შეეხება ფარმაცევტებს, ამ დროისთვის სააგენტოს მიერ სამედიცინო
პროდუქტების რეალიზების უფლება 28 ფარმაცევტს აქვს შეწყვეტილი.
ჩხობაძის #11-ში მდებარე აფთიაქში ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ გაყიდვის ფაქტი
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააპროტესტა.
მასალის გამოყენების პირობები