"ორმაისობის", იგივე "გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით,
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყვავილების დარგვა დაიწყო.
სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, რომლებიც ბულვარში დაირგვება,
დედაქალაქიდან და თურქეთიდან ჩამოიტანეს.
ბულვარში ყვავილების დარგვას ქუთაისის მერიის შპს "ქალაქსერვისი"
ახორციელებს.
"ყვავილები თურქეთიდანაა ჩამოტანილი" ,- ამბობს ქუთაისიპოსტთან
საუბარში "ქალაქსერვისის" ხელმძღვანელი გურამ გიორგაძე.
ყვავილები უკვე დარგულია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 აპრილის მემორიალთან, რომლებიც ქუთაისის
ბოტანიკური ბაღიდან მოიტანეს.
"რაც ადრე დაირგო, ჩემგან წაიღეს, რომელთა ნაწილი ადგილზე გვყავდა
გამოყვანილი, ნაწილი ჰოლანდიიდან და გეგუთიდან მოვიტანეთ. ახლა რაც
ირგვება, ჩემი არ არის", - ამბობს ბოტანიკური ბაღის დირექტორი თემურ
ჩეჩელაშვილი.
"ორმაისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით წელსაც ტრადიციულად მოეწყობა
კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, თეატრალიზებული სანახაობები და
გასართობი შოუ-პროგრამები.
ღონისძიებების ზუსტი ჩამონათვალი ჯერჯერობით უცნობია.
ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა ქუჩის სანახაობების ორგანიზებისთვის
14 700 ლარიანი და გალა-კონცერტისთვის გახმოვანების აპარატურის
შესაძენად 18 000 ლარიანი ტენდერები.
ორივე ელექტრონულ შესყიდვაზე პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება
მიმდინარეობს.
ქუთაისქალაქობის ტრადიციული დღესასწაული ბოლო რამდენიმე წელია
"გვირილობის" სახელით აღინიშნება. პირველად, გვირილობის
თეატრალიზებული სანახაობა ქუთაისში 2008 წელს მოეწყო, თუმცა,
ადგილობრივთა ინფორმაციით, გვირილობის, როგორც ქალაქის დღესასწაული,
გასული საუკუნიდან აღინიშნება.
2017 წელს "გვირილობის" დღესასწაულისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 70 000
ლარია გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები