არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს"
მიერ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში ჩატარებული
კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა
მონაწილეობა დაბალია, ხოლო, ჩართვის მექანიზმები - არაეფექტური.
კვლევის ავტორთა თქმით, ის საშუალებები, რომლებსაც ადგილობრივი
ხელისუფლებები თავიანთ ამომრჩევლებს თვითმმართველობის ეფექტურად
განხორციელების მიზნით სთავაზობენ, ხშირ შემთხვევაში არც არის
გამოყენებული, ხოლო კანონით განსაზღვრული ვალდებულები, რომლებსაც
ახორიციელებენ მუნიციპალიტეტები, ნაკლებად ეფექტური.
კვლევის შედეგად პრობლემები ყველა მუნიციპალიტეტეში გამოიკვეთა.
მაგალითად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო არც კი
არსებობს. უფრო მეტიც, თერჯოლის საკრებულოს საკუთარი მოსახლეობისთვის
ანგარიშიც კი არ ჩაუბარებია. ამასთანავე, მათ არასამთავრობო
ორგანიზციისთვის მოსახლეობასთან შეხვედრის არც ერთი დოკუმენტურად
დადასტურებული ოქმი არ წარმოუდგენია.
კვლევის მიხედვით, საკუთარი ამომრჩევლებისთვის ანგარიში არ
წარმოუდგენია არც საჩხერისა და ხარაგაულის საკრებულოებს. ბაღდათის
მუნიციპალიტეტში კი წელი გამგეობაშიც არ შეუჯამებიათ, რაც
მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის უფებამოსილების შეჩერებით იყო
გამოწვეული.
დაბალი აქტივობა იკვეთება პეტიციების შედგენის დროსაც. საკვლევ
პერიოდში, სოფლის, ქალაქის ან რაიონის მოსახლეობის საერთო პრობლემის
შესახებ პეტიცია მხოლოდ ხონის მუნიცპალიტეტში შედგა.
რაც შეეხება ქუთაისს, კვლევის ავტორებმა პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად
დარღვევებიც გამოავლინეს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერია საკრებულოს სხდომის პირდაპირი
ტრანსლირებით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუმცა, პრობლემები
არსებობს მრჩეველთა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც მისი
შექმნის დღიდან მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა, მაშინ, როცა მას
კანონმდებლობით მსგავსი შეკრებების 3 თვეში ერთხელ გამართვის
ვალდებულება აქვთ.
კვლევის ავტორები მექანიზმების არაეფექტურად მუშაობის მთავარ მიზეზად
მოქალაქეთა ნაკლებ ინფორმირებულობას მიიჩნევენ.
"ერთია თვითონ მექანიზმები რამდენად ეფექტურია, მაგრამ მეორეა
რამდენად არიან მოქალაქეები ინფორმირებული ამ მექანიზმების
შესახებ",-ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"
რეგიონალური კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობებს კონკრეტულ
რეკომენდაციებსაც სთავაზობს. კვლევის ავტორები მუნიცპალიტეტებს მეტი
გამჭვირვალობობისკენ მოუწოდებს. მათ შორის, საუბარია ანგარიშის
გასაჯაროებაზე მის ოფიციალურ წარდგენამდე, რაც მოსახლეობას მისი
გაცნობის საშუალებას მისცემს. იურისტები, ასევე მნიშვნელოვნად
მიიჩნევენ გასვლით შეხვედრებზე ოქმის შედგენას და მოსახლეობის იმ
კონკრეტული პრობლემის დაფიქსირება, რაც შეხვედრის მიზეზი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები