ჭიათურის მადანის გადამამუშავებელ საამქრო "ცოფ 2"- ში
დაღუპული ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა
საამქროში უსაფრთხოების წესები დაცული არ ყოფილიყო.
"არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. ინფორმაცია გვაქვს, რომ სიმაღლიდან
გადმოვარდა და ამის შედეგად გარდაიცვალა. ხდება ხოლმე მსგავსი
შემთხვევები და მთლად დაცული არ არის ალბათ უსაფრთხოების ზომები. ჯერ
არ გადაგვიწყვეტია მივმართავთ თუ არა სასამართლოს", - აცხადებს
ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრი, მაკა ბიწაძე.
ჭიათურის გადამამუშავებელ საამქრო "ცოფ 2"- ში 11 აპრილს მომხდარი
უბედური შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ ამავე საამქროში
დასაქმებულები. ისინი მხოლოდ მომხდარს ადასტურებენ.
შემთხვევა, გუშინ, 11 აპრილს 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივების
თქმით, გარდაცვლილი მუშა ზეინკალი იყო და სამუშაობს ასრულებდა რა
დროსაც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი"ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილი ირწმუნება, რომ ობიექტში
უსაფთხოების ნორმები დაცულია. ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, დაკრძალვის
ხარჯებს კომპანია
აანაზღაურებს.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით
მიმდინარებს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით
ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები