პროექტის "საწირე-მომავლის სოფელი" ფარგლებში, ზემო იმერეთის სოფელ
საწირის განვითარება იწყება.
პროექტის პრეზენტაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მოეწყო.
საწირის განვითარების სტრატეგია, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში
პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ შეიმუშავა, ქუთაისსა და ტყიბულს შორის
არსებული საკურორტო ზონის კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს,
რისთვისაც 15 მილიონი ლარია საჭირო.
პროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ სოფელს კვლავ შეუძლია დაიბრუნოს
საბჭოთა ხელისუფლების დასრულებასთან ერთად დაკარგული სტატუსი და იქცეს
ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად იმერეთში.
პროექტს, "საწირის განვითარების ფონდი", ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლების მხარდაჭერით განახორციელებს.
"ბევრს არ სჯერა, რომ ეს რეალობაა და ფანტაზიად მიაჩნია ჩვენი
წამოწყება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არის სავსებით შესაძალებელი,
განხორცილებადი გეგმა. საწირეს აქვს უდიდესი ტურისტულ-საკურორტო
პოტენციალი და საჭირო ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში, ის კვლავ
იქცევა ისეთივე მიმზიდველ ზონად, როგორც ადრე იყო", - აცხადებს კურორტ
"საწირის განვითარების ფონდის" თავმჯდომარე, გელა ბუბაშვილი.
პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწირე,
როგორც კურორტი აღარ არსებობს. სრულად მოიშალა იქ არსებული
ინფრასტრუქტურა. სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება და
კანალიზაცია კი საკმარისი არ არის. 14 კილომეტრიანი შიდა გზების 5
კილომეტრინ მონაკვეთზე ჯერ კიდევ არ არსებობს გზის საფარი. სრულად
არის ამორტიზებული სპორტული ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციას საჭიროებს
რკინიგზის სადგური, კულტურის სახლი და სხვა საზოგადოებრივი თუ
სპორტულ-კულტურული ინფრასტრუქტურა. სოფელში მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი
საბავშვო ბაღია მოქმედი. საწირე დღესაც მიგრაციის საფრთხის წინაშე
დგას.
"საწირის განვითარების ფონდის" წარმომადგენელთა თქმით, პირველ ეტაპზე
სწორედ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა აუცილებელი, რის
შემდეგაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე დაიწყება
ზრუნვა.
უკვე შემუშავებულია 15 ბიზნესგეგმა, რომელიც სხვადასხვა
ინფრასტრუქტურულ პროექტს მოიცავს. მათი ნაწილი 2017-2018 წლებში უნდა
განხორციელდეს, ნაწილი კი 2020 წლამდე უნდა დასრულდეს.
წელს უკვე დაგეგმილია რკინიგზის სადგურისა და საზოგადოებრივი ცენტრის
რეაბილიტაცია. 2018 წლამდე უნდა დასრულდეს გაზიფიცირება.
2020 წელს უკვე საწირე თანამედროვე კურორტულ ზონად უნდა იქცეს.
მასალის გამოყენების პირობები