23 წლის გოგონა მეზობელი ბიჭის მიერ მის მიმართ განხორციელებულ
ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის
დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
გოგონა ქუთაისის ერთ–ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა და საკუთარ სახლში
მარტო ცხოვრობდა. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ რაც მასზე ფიზიკური
ძალადობა განხორციელდა, სახლში მარტო დარჩენის შიში გაუჩნდა და
სწავლას თავი დაანება.
23 წლის გოგონა ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ მამაკაცი, რომელმაც
მასზე იძალადა, მისი მეზობელია და ადრე მის ბიძასთნაც კონფლიქტი
ქონდა. ის იხსენებს, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობისა და სახლში
შეჭრის მცდელობას რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა. თუმცა, დაზარალებულის
თქმით, ყვირილითა და მეზობლების ჩარევით თავს იხსნიდა.
"მაგრამ მალევე, 2016 წლის 27 მაისს, სახლში შემომივარდა და ღამის
23:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე გაკოჭილი ვყავდი. დილით
მეზობლებმა გაიგეს ხმაური და იმათმა მიშველს. მე მხარზე კბენა
მოვასწარი.
მეზობლებმა პატრულს გამოუძახეს. მოუსწრეს, ნაკბენიც ეტყობოდა.
დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ ისევ გამოუშვეს. მის წინააღმდეგ
მტკიცებულებები არსებობდა, ნივთები ექსპერტიზაზეც წაიღეს. მაშინ
მეზობლების დაკითხვაც მოხდა, მაგრამ ის ბიჭი მაინც არ დაიჭირეს.
მარტო ერთი წუთითაც ვერ ვრჩები, სწავლაც ვერ დავასრულე, ერთი წელი
დამრჩა, მე–3 კურსზე ვიყავი. არავის არ ვუსურვებ იმას, რაც მე იმ დღეს
გამოვიარე. ჩემი ერთადერთი სურვილია, ყველას დავუმტკიცო, თუ რა საშიში
ადამიანი არის ის", - გვიყვება დაზარალებული.
გოგონას ეჭვი აქვს, რომ სავარაუდო დამნაშავის ოჯახმა ამ საქმის
დასახურად ფული გადაიხადა. ის ასევე, იმასაც ვარაუდობს, რომ მოძალადის
ახლობლები ძალოვან უწყებაში არიან დასაქმებულნი.
"ერთი წელი იწურება, რაც ეს საქმე პროკურატურას აქვს. ველოდები, როდის
დაიწყებენ გამოძიებას, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. ასე მგონია, საერთოდ
მარტო ვარ. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ბევრჯერ მივმართე პოლიციას და
ყოველ მისვლაზე მემალება პროკურორი. ბოლოს კი მითხრეს, რომ ის
პროკურორი შეცვალეს", – ამბობს დაზარალებული.
ფაქტს ადასტურებენ ჩვენთან საუბარში მეზობლებიც. მათი თქმით, გოგონა
მომხდარის შემდეგ შეშინებული იყო. ისინი გოგონას დადებითად
ახასიათებენ და ამბობენ რომ მსგავსი შეშინების შემთხვევა მასთან
მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა.
"ფანჯრიდან შესულა ბიჭი. სხვა მეზობლებსაც უნახიათ, კიბე რომ იყო
მიდგმული ფანჯარასთან. ბავშვი ერთი კვირა კანკალებდა, ძალიან ცუდ
მდგომარეობაში იყო, ვერ ლაპარაკობდა საერთოდ და ძალიან შეგვეცოდა", –
ამბობს მეზობელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები