შპს "პარკინგსერვისი" ავტომობილების მფლობელებს საჯარიმო ქვითარს,
ქაღალდის ნაცვლად, ელექტრონულად ამოუწერს.
ამ საკითხს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს.
მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის
განმარტებით, თვითმმართველობამ ელექტრონული ქვითრის ამოწერისთვის
სპეციალური აპარატები შპს "პარკინგსერვისის" დაფუძნების დროსვე
შეიძინა. თუმცა, მის გამოყენებას დრო ჭირდებოდა.
"რაში გვჭირდება ელექტრონული ქვითარი, ხელით ვერ წერენ?" - განაცხადა
საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გია
უკლებამ. რაზედაც მერიის იურისტმა განუმარტა,
რომ საჯარიმო ქვითრის ხელით ამოწერისას ხშირი იყო
შეცდომების დაშვება, ელექტრონულად კი ეს აღარ მოხდება.
"გარდა ამისა, ელექტრონული ფორმით ქვითრის ამოწერა ხარჯებს დაზოგავს,"
- განმარტავს ირაკლი გიორგაძე.
შპს "პარკინგსერვისმა" გასული წლის განმავლობაში ქუთაისში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
67 544 ოქმი გასცა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი უმეტესობა ავტომანქანის არასწორი
დგომისა და აბონემენტის გარეშე პარკირებისთვის გაიცა. ორივე
შემთხვევაში, ჯარიმის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, რომელიც ოქმის
გამოწერიდან 30 დღის განმვლობაში უნდა დაიფაროს.
მასალის გამოყენების პირობები