ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დიდ
დარბაზში გამოფენა გაიმართა ეკოლოგიის თემაზე.
გამოფენა სახელწოდებით "ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან",
ბუნების სტიქიებთან ერთად ეკოლოგიისა და გარემოსდაცვით საკითხებს
მოიცავს. იგი გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით განხორციელდა.
"ეკოგამოფენა მოიცავს ოთხ ელემენტს: წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს.
თითოეული ელემენტისთვის ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონია გამოყოფილი,
სადაც ასახულია ყოველი სტიქიის მნიშვნელობა და სარგებელი. გამოფენის
მიზანია ის, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი სკოლის
მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებს გასცდეს და მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდეს, როგორც
საბუნებისმეტყველო, ისე ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში", -
აღნიშნა გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გაკვეთილის ექსპერტმა
აიკე პოკრანდტმა.
გამოფენა სკოლის დარბაზს ერთი თვის განმავლობაში დაიკავებს, სადაც
ჩატარდება გაკვეთილები.
ამ საგამოფენო სივრცეში გაკვეთილების ჩატარების საშუალება ექნება
ნებისმიერ გერმანულენოვან სკოლას იმერეთის რეგიონიდან, რადგან გოეთეს
ინსტიტუტის მიერ წარამოდგენილი სავარჯიშები ეკოლოგიის თემაზე,
გერმანულ ენაზე გახლავთ.
აღნიშნული გამოფენა გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა.
იგი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში ჩატარდა.
გამოფენის გახსნას სხვა სტუმრებთან ერთად ქალაქის მერიც დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები