"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
მის მიერ ჩატარებულ
კვლევაზე მუნიციპალიტეტის პოზიციას ეხმაურება.
საუბარია ზესტაფონის გამგეობასა და საკრებულოში 2016 წელს საშვებულებო
დახმარებისთვის 161 200 ლარის გაცემაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის
იურისტის თქმით, ასეთ ტერმინს კანონი არ ცნობს.
"იმ შემთხვევაშიც კი თუ საშვებულებო დახმარება გაიცა პრემიის სახით,
ეს სცილდება კანონით გათვალისწინებული რეგულაციის ფარგლებს, კერძოდ კი
არღვევს პრემიის გაცემის პრინციპს. საქართველოს მთავრობის N 449
დადგენილების თანახმად, პრემიის მიზნებია პირთა წახალისება და
მოტივაციის გაზრდა. შესაბამისად, ნაკლებად დასაბუთებულია პრემიის
გაცემის ეს მიზანი შვებულების პერიოდში. მოხელის წახალისებისა და
მოტივაციის გაზრდის დაკავშირება საშვებულებო პერიოდში გაცემულ
პრემიასთან დაკავშირებით არადამაჯერებელია. ამრიგად, დარღვეულია
პრემიის ძირითადი იდეა.
გარდა ამისა, ირღვევა ზემოთ დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმადაც პრემია შეიძლება გაიცეს
კვარტალში ერთხელ და არაუმეტეს წელიწადში სამჯერ", – ამბობს
ქუთაისიპოსტთან საუბარში "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს"
ქუთაისის ოფისის კოორდინატორი,ლელა მოწონელიძე.
კვლევის გასაჯაროების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციის უფროსმა, ნატო სანთელიძემ განაცხადა, რომ საშვებულებო
დახმარება რეალურად პრემიას გულისხმობს, თუმცა, მას ამ ტერმინით
შინაურულად მოიხსენიებენ, რადგან მისი გაცემა
თანამშრომელთა შვებულებას დაემთხვა.
მასალის გამოყენების პირობები