მიმდინარე წლის 10 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და
მხარი დაუჭირა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე
ცვლილებები, პარლამენტმა 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ახალი კანონი, რომელიც 2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, უკონტაქტო
პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზე
გამკაცრდება, როგორიცაა, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი
მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა
დარღვევა.
ასევე, ცვლილება მართვის 100 ქულიანი სისტემის დანერგვას გულისხმობს.
მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლი დაკარგავს ქულებსაც.
ამასთანავე, ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით
ჩამოერთმევათ.
დოკუმენეტის მიხედვით, ე.წ. უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც
მოხდება. უკონტაქტო პატრულირება ნიშნავს, რომ შსს–ს ავტომანქანები
ქვეყნის ქუჩებში ამოსაცნობი ნიშნის გარეშე იმოძრავებენ. ისინი
აღჭურვილნი იქნებიან ფოტო და ვიდეოტექნიკური საშუალებებითა და
სიჩქარის განმსაზღვრელი არასტაციონარული მოწყობილობით.
კანონპროექტს დადებითად
აფასებენ ინიციატივას საგზაო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"უტიფარი მძღოლებისთვის ეს სიახლე ცივი შხაპის მიღების ტოლფასი
იქნება", – ასე აფასებს ახალ ინიციატივას "საქართველოს საავტომობილო
ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე.
მასალის გამოყენების პირობები