ქუთაისში, ახალგაზრდობის მე-8 შესახვევში ამორტიზებული გზის საფარის
მოწესრიგებას ითხოვენ.
"ყოველდღიურად 24 რეისს ვასრულებ ამ გზაზე. ნახევარკილომეტრიანი
მონაკვეთის გავლას დიდი დრო ჭირდება. მგზავრები მსაყვედურობენ
დაგვიანების გამო და ვინც უნდა გააკეთოს გზა იმას არაფერს ეუბნებიან,"
- ამბობს #3 მიკროავტბუსის მძღოლი, ვაჟა გვენეტაძე.
ახალგაზრდობის მე-8 შესახვევი მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულს
ეკუთვნის. შესაბამისად, ამ ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიას
ევალება. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გზის საფარის
მოწესრიგებაზე შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს.
"ვიდრე წყლის სისტემის რეაბილიტაცია არ დაიწყება და ცენტრალური მილი
არ ჩაიდება, შეუსაბამოა სამუშაოების დაწყება, რადგან ისევ მოხდება
გზის საფარის დაზიანება," - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი SMK ახორციელებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები წინასწარ გაწერილი გრაფიკის
მიხედვით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის მე-8 შესახვევში ცენტრალური მილის
გაყვანა მიმდინარე წლის აპრილის თვეში მოხდება.
წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ქუთაისში წყლის სისტემის
რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები