ქუთაისში ქართული ფილმის "განწირული გვირგვინის" ჩვენება მაისში
მოეწყობა. თუმცა, სად გაიმართება კინოჩვენება ამ ეტაპზე
უცნობია.
„განწირული გვირგვინის“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა
ფაჩულიაა. (მაყურებელი მას იცნობს დოკუმენტური ფილმით რეზო ჭეიშვილის
ცხოვრებაზე "მუსიკა ქარში" )
როგორც ფილმის ავტორები აღნიშნავენ, სურათის ჟანრი
სათავგადასვლოა და უძველესი საგანძურის "კოლხური დიადემის" ბედზე
მოგვითხრობს.
"კინო" ადამიანის კულტურასა და ჩამოყალიბებაზე არსებით გავლენას
ახდენს. დედამიწის ზურგზე ალბათ არ მოიძებნება არავინ, ვისაც არ
ეყვარება ფილმის ყურება. სწორედ, მათთვის, ვინც გატაცებულია ამ
საქმით, მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ისტორიაზე დაყრდნობით
გადაღებული სათავგადასავლო ფილმი "განწირული გვირგვინი,"– ამბობს
ცისკარა ფაჩულია.
ავტორები ფილმის ანოტაციასაც გვთავაზობენ: სანდრო მუზეუმის
ჩვეულებრივი თანამშრომელია. მისი ცხოვრება არაფრითაა განსაკუთრებული.
განვითარებულმა მოვლენებმა ის განძის გადამყიდველების სახიფათო
ბანდასთან დააპირისპირა. კრიმინალური წარსულის მქონე "შავი", მრავალი
წელია, ქართული ისტორიული და ფასდაუდებელი საგანძურით ვაჭრობს. სანდრო
შემთხვევით გაიგებს "შავის" ჩანაფიქრს. ის გადაწყვეტს ქართული
საგანძური გადაარჩინოს.
ფილმში მონაწილეობენ: თემურ ხითარიშვილი, გოჩა ტყეშელიაძე, ლანა
ცინცაძე, მიშა თათელიშვილი და სხვები.
ფილმზე მუშაობა ქუთაისში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები