ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რაგბის
მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოედანს სლოვაკური კომპანია „Autokomodex
Trnava" აღარ ააშენებს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ
კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი კომპანიის
მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
კერძოდ, სლოვაკურმა კომპანიამ დაარღვია პროექტის წარმოდგენის ვადები
და არ გახსნა მისი მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, რასაც
კონტრაქტის პირობები ითვალისწინებდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის
განცხადებით, მომხდარის მიუხედავად ჩემპიონატის ჩატარებას ხელი არ
შეეშლება.
"მინდა დავამშვიდო გულშემატკივარი და ვუთხრა, რომ აუცილებლად მაღალ
დონეზე ჩატარდება ჩემპიონატი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის
ალტერნატიული სპორტული ობიექტები, რაც გვაქვს. უახლოეს მომავალში
რაგბის კავშირთან და კერძო სექტორთან ერთად მოვახდენთ მათ
ფორმალიზებას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე თქმით, იმ მოედნებზე, რომლებიც სლოვაკურ კომპანიას უნდა
აეშენებია, ახალი პროექტი შეიქმნება და ტენდერიც გამოცხადდება.
ქუთაისში რაგბის მოედნის
მშენებლობა 2016 წლის 26 სექტემბერს დაანონსდა,
თუმცა იქ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ
ხეჩიკაშვილმა ქუთაისის მერთან ერთად კაფსულა მშენებლობის სიმბოლურ
საძირკველში საზეიმოდ ჩაუშვა, 5 თვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.
ადგილზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
რამდენიმე დღის წინ
უწყება "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებდა, რომ
შერვაშიძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო
სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, ხოლო მშენებლობა უახლოეს
მომავალში დაიწყებოდა.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამინისტრომ სლოვაკურ კომპანიას,
რომელსაც ქუთაისის გარდა, ჯამში 20 სარაგბო და საფეხბურთო მოედანი
თბილისსა და რუსთავში უნდა აეშენებია, თანამშრომლობის გაგრძელებაზე
უარი უთხრა.
სლოვაკურ კომპანია ,,„Autokomodex Trnava“-სთან სპორტის სამინისტრომ
ხელშეკრულება 2016 წლის 16 სექტემბერს გააფორმა.
პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენდა.
სამშენებლო სამუშაოები კომპანიას 2016 წლის ბოლოს უნდა დაეწყო და 2017
წლის მაისში უნდა დაესრულებინა.
საქართველომ 20 წლამდეთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 2017 წლის
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.
მასალის გამოყენების პირობები