საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია
სახელწოდებით " იმოქმედე" იწყება. მისი მიზანია ძალადობის წინააღმდეგ
საზოგადოების გააქტიურება.
საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი
დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და
სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.
კაპმანიას იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტებში,
ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში
ახალგაზრდებთან შეხვედრებს; მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც
ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. სპეციალურ სატრენინგო მოდულს
იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს, რომელიც 2017 წლის
განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და ყველა იმ სოფელში,
სადაც საზოგადოებრივი ცენტრია, შეხვედრებს, ტრენინგსა და დისკუსიას
გულისხმობს" - ნათქვამია იუსტიციის
სამინისტროს ვებგვერდზე.
კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა სამი
ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია #იმოქმედე. სატელევიზიო ეთერში
კლიპები გაზაფხულზე განთავსდება.
კამპანის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსები, მათ შორის, ძალადობის
თემაზე საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად. სხვა ღონისძიებებთან ერთად
იქნება გამოყენებული ქუჩის ინსტალაციაც.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო
ცვლილებები საქართველოს მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
წარუდგინა. ცვლილებათა მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და "ქალთა
წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის
შესახებ" სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით
კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში
მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.
მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ
ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი
დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი მსხვერპლთა დაცვისა და
რეაბილიტაციის კუთხითაც ახალ მიდგომებს ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები