ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დასუფთავების
აქციის მოწყობა შესთავაზეს.
საუბარია, ქუთაისში მდინარე რიონის დაბინძურებული ნაპირების
გაწმენდაზე, რომლის მოვლა-პატრონობაც, მიმდინარე წლის 25 იანვარს
გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის მსჯელობის საგანი
გახდა.
საკანონმდებლო ორგანოს წევრის, ამირან ძოწენიძის თქმით, სასურველია
დასუფთავების აქცია თავად თვითმმმართველობის წარმომადგენლების მიერ
მოეწყოს.
"როდემდე ავიტანოთ ნაგავი? საშინელი მგომარეობაა მდინარის ნაპირებზე,
ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, სრული ანტისანიტარია. მართალია,
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ტერიტორიას მოსახლეობა აბინძურებს, მაგრამ
ან ჯარიმები დავაწესოთ, ან ჩვენ მოვაწყოთ აქცია და დავასუფთავოთ, რომ
როგორმე ეს პრობლემა მოგვარდეს," - აცხადებს ამირან ძოწენიძე.
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მდიანრე რიონის ნაპირებზე არსებული
ანტისანიტარიული პრობლემის მოგვარებას სხვაგვარად ხედავს.
"ნამდვილად ცუდი სიტუაციაა, თუმცა არ მგონია ერთჯერადი დასუფთავების
აქცია გამოსავალი იყოს. ვფიქრობ, მიმდებარე ტერიტორიის მეპატრონეებს
უნდა ვთხოვოთ მიხედონ ამ ადგილებს, მათი კერძო ინტერესებიდან
გამომდინარე," - განმარტა მურღულიამ.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ქუთაისში დაბინძურებულია თეთრი,
რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარე ტერიტორიები, ასევე მდინარე
რიონიც.
ამავე თემაზე:
ანტისანიტარია განათებული ხიდების მიღმა ქუთაისში
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები