ქუთაისში, ო. ფხაკაძის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების
მიერ, ცოცხალი პაციენტის გარდაცვლილად დაფიქსირების ფაქტი არ
დასტურდება.
როგორც თვითმხილველები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვებიან,
გარდაცვლილი 61 წლის ჯ. კ. გულით ავადმყოფობდა და მიმდინარე წლის 20
იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტის ჯანმრთელობის
გაუარესების გამო გამოიძახეს.
"გულით იყო ავად, დიაბეტი ჰქონდა, სისხლძარღვების შევიწროვება, წყალი
ჰქონდა ორგანიზმში. მოკლედ, წუთები ეთვლებოდა, ამიტომ გამოვიძახეთ
სასწრაფო. ექიმმა თქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩვენი
გადასაწყვეტი იყო გადავიყვანდით, თუ არა საავადმყოფოში," - ამბობს
გარდაცვლილი ჯ.კ -ს მეზობელი.
მათივე თქმით, მომდევნო დღეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გართულების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოჯახმა
კვლავ გამოიძახა.
"ავადმყოფი გათიშული იყო და უკვე გადაწყვეტილი გვქონდა გადაგვეყვანა
საავადმყოფოში, თუმცა ექიმმა თქვა, რომ გარდაცვლილი იყო," - ამბობს
გარდაცვლილი ჯ.კ - ს მეზობელი.
თვითმხილველების თქმით, მას შემდეგ რაც სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადა წავიდა, შეამჩნიეს რომ მიცვალებულს კუნთები
აუმოძრავდა და იეჭვეს, რომ ექიმები შეცდნენ.
"თბილი იყო მიცვალებული და კუნთები თითქოს აუმოძრავდა. ვიფიქრეთ, რომ
კლინიკური სიკვდილი იყო და შეიძლებოდა გვეშველა," - განმარტავენ
მეზობლები.
მათივე განცხადებით, მეორეჯერ მოსულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადამ, არა კლინიკური, არამედ ბიოლოგიური სიკვდილი დაადასტურა.
"ალბათ, ჩვენ ვიჩქარეთ მიცვალებულის გაპატიოსნება. არ ვაცალეთ
გაციება, ისე გადასვენდა საცოდავი მაცივარში, სითბომ გამოიწვია მინის
დაორთქვლა და ჩვენც დავეჭვდით," - ამბობენ გარდაცვლილის
მეზობლები.
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით,
ქუთაისში ფხაკაძის ქუჩაზე ბრიგადის პირველი გამოძახება ორი დღის წინ
21:03 საათზე დაფიქსირდა.
"ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ გამოძახების ადგილზე და მივიდა 21:18
საათზე. ექიმმა შეაფასა მდგომარეობა და დააფიქსირა გარდაცვლილი
მამაკაცი, " - ამბობენ რეგიონალურ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, იმავე მისამართზე, ხელმეორე შეტყობნების
საფუძველზე, სასწრაფო პაციენტის მდგომარეობის გადამოწმების მოტივით
კვლავ მივიდა.
"დამატებით ადგილზე გავიდა ის ეკიპაჟი, რომელმაც თავდაპირველად
დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ადგილზე არსებული
მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი
მოერიდა სიტუაციის ესკალაციას, გარდაცვლილი გადაიყვანა ქუთაისის
რეგიონალურ კლინიკურ საავამდყოფოში, სადაც შედგა ოქმი 61 წლის
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. ამიტომ, გავრცელებული ინფორმაცია,
თითქოს პაციენტს თავდაპირველად არასწორად დაუდგინდა გარდაცვალების
ფაქტი, შემდგომ კი საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა
სამედიცინო დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება,"- აცხადებენ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები