ქუთაისში საფლავების დასუფთავების სერვისი მიმდინარე წელს
ამოქმედდება.
ახალი პროექტის პრეზენტაცია ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა
შპს "ქართული ტრადიციები 2011" - მა გამართა.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში საფლავების დასუფთავებისთვის
ნებაყოფლობით გადასახადი დაწესდება, რაც წლის განმავლობაში 60 ლარს
შეადგენს.
შპს "ქართული ტრადიციები 2011" წარმომადგენლები განმარტავენ, რომ
სურვილის შემთხვევაში, მომსახურებას სპეციალური ჯგუფი გაწევს.
"ეს იქნება ახალი სერვისი, რომელსაც ვთავაზობთ მოსახლებას, არის
ნებაყოფლობითი. დასუფთავების ყოველთვიური საფასური კი მხოლოდ 5 ლარი
იქნება. მოსახლეობაშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ამიტომ
გადავწყვიტეთ განხორციელება დაგვეწყო," - განაცხადა შპს"ქართული
ტრადიციები 2011" -ის დირექტორის მოდგილემ, გოჩა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
პირველ ეტაპზე საფლავების იდენტიფიცირება და ნომრების მინიჭება
მოხდება, რომელიც 2017 წელს დასრულდება, მომდევნო ეტაპებზე
მოსახლეობის ინფორმირება, ხელშეკრულებების გაფორმება და
ვალდებულებების შესრულება მოხდება.
მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან პროექტი საპილოტე რეჟიმში
განხორციელდება და იმ შემთხვევაში, ამოქმედდება თუ მოსახლეობის 40 %
შპს "ქართული ტრადიციები 2011"–თან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ახალი სერვისით სარგებლობისთვის მსურველებმა კომპანიის ადმინისტრაციას
უნდა მიმართონ.
ამ დროისთვის შპს"ქართული ტრადიციები 2011" ქუთაისში არსებული 13
სასაფლაოს მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები