ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნატო ქათამაძე ქალაქის მერს მდინარე
ოღასკურის კალაპოტის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის დაბლოკვაში
ადანაშაულებს.
მისი თქმით, შოთა მურღულიამ მთავრობის სხდომაზე განსახილველად
გასატანი საკითხი პირადი ინციტივით შეაჩერა.
"მე პირადად მითხრეს ფინანსთა სამინისტროში, რომ უკვე გადაწყვეტილი
იყო მდინარე ოღასკურასთვის 2 100 000 ლარის გამოყოფა, მაგრამ შემდეგ,
როცა დაურეკეს შოთა მურღულიას, მას უთქვამს, რომ ეს არ არის
პრიორიტეტული ქალაქისთვისო და შეაჩერეს ეს საკითხი. ქალაქის მერმა
საზოგადოებისთვის მავნებლურად გამოიყენა თავისი გავლენები და დაბლოკა
მდინარის კალაპოტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი", -
განაცხადა ნატო ქათამაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ შოთა მურღულიამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა,
რადგან მდინარე ოღასკურის კალაპოტის რეაბილიტაცია ნატო ქათამაძის
სამჟორიტარო ოლქში უნდა განხორციელებულიყო.
ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ
ნატო ქათამაძე ჯერ კიდევ მაშინ ცრუობდა, როცა მან მოსახლეობას აცნობა,
რომ ოღასკურის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის მობილიზება
მოახერხა.
"ეს იყო ტყუილი, როცა თქვით, რომ თანხები მოიზიდეთ. თქვენ მაშინ
მოატყუეთ საზოგადოება",-განაცხადა შოთა მურღულიამ.
კოლხეთის ჰიდორომეტეოროლოგიურ ობსერვატორიის ინფორმაციით, ქუთაისში
არსებული ოთხი მდინარიდან
ოღასკურა ყველაზე
დაბინძურებული და საშიშია, რადგან ჩახერგვის
საშიშროებას ქმნის.
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ოღასკურა არაერთხელ ადიდდა და
ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
დატბორა.
მასალის გამოყენების პირობები