2016 წელი ქუთაისისთვის და არა ამხოლოდ, პოლიტიკურად აქტიური წელი
იყო. ქვეყანაში საპარლამენტო (ორტურიანი) არჩევნები ჩატარდა.
პოლიტიკურ პარტიებში რეორგანზაცია და ძალთა გადანაწილება ამ დრომდე
გრძელდება.
"კრიზისული და პოლიტიკურად გაურკვეველი", "კარგი წელი მხოლოდ
ხელისუფლებისთვის", "წარუმატებელი წელი ოპოზიციისთვის", - ასე
აფასებენ ქუთაისში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები მიმდინარე წლის
პოლიტიკურ ცხოვრებას.
არასაპარლამენტო ოპოზიციის "თავისუფალი საქართველოსთვის" იმერეთის
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას შეფასებით, 2016 წელი
ქალაქისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო. ის თვლის, რომ
საპარლამენტო არჩევნებმა ქუთაისი, ისევე, როგორც სხვა ქალაქები,
პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში შეიყვანა.
"კაცობრიობამ არჩევნები იმიტომ გამოიგონა, რომ კრიზისული ვითარებიდან
გამოვიდნენ. საქართველოში კი პირიქით ხდება, არჩევნების დროს შედიან
კრიზისში", - ამბობს გოგი წულაია.
ანალოგიურად ფიქრობს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილი
"რესპუბლიკური პარტიის" უკვე ყოფილი წარმომადგენლი, ნატო
ქათამაძეც.
ის მიიჩნევს, რომ 2016 წელი წარმატებული მხოლოდ ხელისუფლებისთვის იყო.
რადგან, "ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები
ხმათა უმრავლესობით მოიგო.
"მიუხედავად დაუმთავრებელი ინფრასტრუქტრული პროექტებისა და იმ მსუყე
დაპირებებისა, რომელიც არ შესრულდება, რადგან ამ დრომდე ასე იყო,
მაინც "ოცნებას" მისცა ხალხმა ხმა. ქუთაისმა სამი მაჟორიტარი დეპუტატი
აირჩია. მე ვფიქრობ, არცერთი გააკეთებს რამეს ქალაქისთვის. მე
შემიძლია, ამ შემთხვევაში, ჩემს კონკურენტზე ვისაუბრო. სანაძლეოს
ჩამოვალ, თუ ამ ოთხი წლის მანძილზე დიტო მხეიძისგან ერთ წინადადებას
ან ჩართულ მიკროფონს დაინახავთ", - ამბობს ყოფილი "რესპუბლიკელი".
ქალაქისთვის პოლიტიკურად წარუმატებლად და პარტიისთვის ნაკლებად
წარმატებულად თვლიან 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის
ორგანიზაციაში.
პარტიაში პრობლემები და პოლიტიკური ლიდერის არჩევის საკითხი,
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან დღემდე,
გაურკვეველია.
"წაგებული არჩევნების შემდეგ ყოველთვის არის პარტიაში პრობლემები,
აზრთა სხვადსხვაობა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ, როგორც
პასუხისმგებლიანი და ეროვნული პოლიტიკური პარტია, პასუხისმგებელი ვართ
ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე. ამიტომაც, ვფიქრობ, რაციონალურ
გადაწყვეტილებას მივიღებთ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის"
ქუთაისის ორგანიზაციის წევრი და საკრებულოს დეპუტატი, ამირან
ძოწენიძე.
"კრიზული პოლიტიკური წელი, რომელმაც გამოძახილი ქვეყნის
სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ჰპოვა. მტერს არ ვუსურვებ ქვეყანა
ისეთ მდგომარეობაში ჩაგვივარდა", - ასე აფასებს "ლეიბორისტული
პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამსონ გუგავა
მიმდინარე წელს.
ის ამბობს, რომ შეუძლებლია ქვეყანაში, სადაც ეროვნული ვალუტა
უფასურდება რომელიმე პოლტიკური პარტია იყოს წარმატებული.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭიღვარია თვლის, რომ მიმდინარე
წელი მისი პოლიტიკური გუნდისთვის ნამდვილად წარმატებული იყო.
"არჩევნები სუფთად ჩავატარეთ და "ქართულმა ოცნებამ" ხმათა უმრავლესობა
მოიპოვა. რაც შეეხება ლარის კურსს, ის უკვე სტაბილურდება. თუმცა, ეს
ნამდვილად არ ნიშნავს, რომ "ოცნებისთვის" ეს წელი წარუმატებელი იყო,
რადგან ლარის კურსი ეს სხვა თემაა და პოლიტიკური წარმატება სხვა", -
ამბობს გიორგი ჭიღვარია.
რა შედეგს და ვის რა წარმატებას მოუტანს 2017 წელი, ეს უკვე მომდევნო
წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები