საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონის" დაფინანსების სურვილი ილია კოკაიამ
გამოთქვა.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს კლუბის მენეჯერმა, სერგო ფუტკარაძემ
განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ილია კოკაია, რომელიც ამ დროისთვის საფეხბურთო
გუნდის იურიდიული მფლობელია, მზადაა ის სოლიდური თანხით დააფინანსოს,
რაც 8 ნიშნა ციფრს უახლოვდება.
ფუტკარაძე ამბობს, რომ ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
"2015 წელს ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ჩემპიონატიდან
მოგვკვეთეს. დღემდე ველოდებით ჩვენს წინააღმდეგ მიღებული იურიდიული
გადაწყვეტილების მოხსნას. იმსჯელოს ამის შესახებ ფედერაციის
აღმასკომმა. მთავარია სამართლებრივი შეფასება კლუბის გათამაშებიდან
მოხსნის შესახებ. სფფ–ს ახლანდელმა პრეზიდენტმა, საჯაროდ გააჟღერა
დაპირებები, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არაა," – ამბობს სერგო
ფუტკარაძე.
მისივე ინფორმაციით, 2004 წლიდან ამ დრომდე ილია კოკაიამ ზესტაფონის
საფეხბურთო კლუბში 30 მლნ–მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამჟამად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მხოლოდ 17 წლამდელთა ასაკობრივი
გუნდი ჰყავს.
კლუბის წინააღმდეგ, ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ გატარებულ
სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
"ზესტაფონის" გულშემატკივრებმა წერილობით მიმართეს და გუნდის უმაღლეს
ლიგაში აღდგენა მოითხოვეს.
სფფ–ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მათ, ასევე წერილობით უპასუხა
და გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად, მათთან შეხვედრის სურვილი
გამოთქვა.
თუმცა, როგორც სფფ–ს პრესსამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, როდის
მოხდება ეს შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია და ეს თავად ზესტაფონის
საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებზეა
დამოკიდებული.
საფეხბურთოო კლუბ "ზესტაფონისთვის" სანქციების მოხსნას ქუთაისელი
გულშემატკივრები და "სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაც" ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები