ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში, გერმანიაში მცხოვრები ქართველი
არტისტის, თამარ შვარცვალდის ნახატების გამოფენა გაიმართა.
მხატვრის გამოფენა ქუთაისში პირველად მოეწყო, სადაც ოცამდე გრაფიკული
ნამუშევარი წარმოადგინეს.
"მიყვარს ხატვა, ნააზრევის გადახარშვა, ხაზში გადატანა, თუმცა მე
ვმუშაობ დიდ ფორმატებზე და მათი ტრანსპორტირება არის ძნელი. ამიტომ,
წარმოვადგინე მხოლოდ ეს ნამუშევრები", - აღნიშნა თამარ
შვარცვალდმა.
ის პროფესიით არქიტექტორია. გერმანიაში აქვს სტუდია, სადაც მუშაობს
სფენოგრაფიაზე, ქმნის კოსტიუმებს, იღებს შეკვეთებს ლოგოებზეც.
ქუთაისის ოპერის ფოიეში წარმოდგენილი გამოფენის სახელწოდებაა
"გესმოდეთ პეპლების სიცილის". თამარ შვარცვალდის თქმით, მალე
გამოიცემა წიგნი, სადაც აღნიშნული ნახატები ილუსტრაციების სახით
შევა.
"მინდოდა ჩემი მეგობრებისთვის მეჩვენებინა. ასევე, უფრო ფართო
პუბლიკისთვის. რატომ არ უნდა ნახონ?! შეიძლება, ვიღაცისთვის სინათლის
სხივი იყოს სიბნელეში და აქედან რაიმე პოზიტიური წაიღოს", - აღნიშნა
მხატვარმა.
მასალის გამოყენების პირობები