ქუთაისში სპორტული საზოგადოება "შევარდენის" მოღვაწეობისა და ეპოქის
შესახებ, საჯარო ლექცია სახელწოდებით "თავისუფლების შემქმნელები"
გაიმართა.
ღონისძიებაზე ლექცია მწერალმა, დავით ტურაშვილმა წაიკითხა. საუბარი
შეეხო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის
დამოუკიდებლობას.
"ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური,
არამედ კულტურული, სპორტული თვალსაზრისითაც. "შევარდენი" იყო მთავარი
საყრდენი სულიერად და გონებრივად ჯანსაღი ადამიანებისათვის. მთელი 70
წლის მანძილზე, საბჭოთა პერიოდში ეს პერიოდი ტაბუირებული იყო და ეს
ადამიანები, უბრალოდ, გაქრნენ ჩვენი მეხსიერებიდან. დამოუკიდებელ
საქართველოში კი აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა უსწრებდა წინ ამ
დამოუკიდებლობას", – ამბობს დავით ტურაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილება
გახლდათ.
"მიზანი სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა", – ამბობს
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის
სამსახურის უფროსის მოადგილე, მანანა მანაგაძე.
ღონისძიებაზე ფოტოებისა და დოკუმენტების გამოფენაც შედგა, რომლებიც
მოძებნა როგორც ქუთაისის მუზეუმებსა და არქივებში, ასევე, თბილისში,
ხელოვნების მუზეუმში ისტორიკოს, გიორგი კალანდიას დახმარებით.
ტანვარჯიშული საზოგადოება "შევარდენი" 1918 წლის 25 აგვისტოს გიორგი
ეგნატაშვილის, გიორგი და თამარ ნიკოლაძეების, არჩილ ბაქრაძის, დავით
ჯავრიშვილის, გაიოზ ბერელაშვილის, ირაკლი ლორთქიფანიძის, ივანე
ბერიძის და სხვათა ინიციატივით დაარსდა.
"შევარდენის" წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში
გამოსვლა-შეჯიბრებებს აწყობდნენ. ორგანიზაცია ახალგაზრდობაში
პატრიოტულ-რაინდულ სულს აღვივებდა.
მასალის გამოყენების პირობები