ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა NGO სექტორს გააცნეს.
შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
ქალაქის ხელისუფლება ბიუჯეტის საჯარო განხილვის დაგვიანების გამო
გააკრიტიკეს. მათი თქმით, ბიუჯეტის პროექტი კანონის შესაბამისად, 10
დეკემბერს მეორედ უნდა გამოეტანათ განსახილველად.
გარდა ვადებისა, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტმა
არასამთავრობო სექტორის კრიტიკა სხვა მიმართულებითაც დაიმსახურა.
მაგალითად, "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი კლებაა ქონების
გადასახადიდან მისაღები თანხის ნაწილში.
"11–ჯერ არის შემცირებული ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა, რაც
ჩემთვის არის გაუგებარი რას უნდა გამოეწვია ეს. არ მგონია რომ ქალაქის
ეკონომიკა ასე შემცირებულიყო და არც ქონების გადასახადის მაჩვენებელს
არ დაუწევია ფიზიკური პირებისთვის. შესაბამისად, ეს ნაწილი ჩემთვის
არის გაურკვეველი",–აცხადებს ლევან ოყრეშიძე.
ლევან ოყრეშიძის შენიშვნას ქალაქის ვიცე–მერმა, ეკონომიკის
საკითხებში, კოტე ქავთარაძე უპასუხა.
"მე ვერ ვხდვები როგორ არის შემცირებული, როცა მიმდინარე წელს ქონების
გადასახადიდან შემოსავალი 5 650 000 ლარია, მომავლ წელს კი, 10 700
000 ლარი იქნება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ არ გაიზრდება", –
განაცხადა კოტე ქავთარაძე.
თუმცა, შეხვედრაზე უპასუხოდ დარჩა "საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოს" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში გამოთქმული შენიშვნა,
რომელიც ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ არ განხილვას ეხება.
"აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა მათი მხრიდან. რაც
შეეხება სხვა შენიშვნებს, ჯერჯერობით იმ მიზეზით არ გვაქვს, რომ
ქალაქის ხელისუფლებამ მისი განხილვა დააგვიანა. ახლა ვეცნობით
ბიუჯეტის პროექტს. როცა, თავად ქალაქის ხელისუფლება რამდენიმე
კვირა და ზოგჯერ თვეც ანდომებს ამხელა ფინანსური დოკუმენტის
მომზადებას, ლოგიკურია, რომ ასე მოკლე დროში ჩვენ ვერ მოვახრეხებდით
მის საფუძვლიან შესწავლას", – აცხადებს "საერთაშორისო
გამჭვირვალობა–საქართველოს" წარმომადგენელი, ზურაბ ზამბახიძე.
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 51 561 ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები