არასამთვრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
ქუთაისის მერიას, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
პროექტის საჯაროდ განხილვისკენ მოუწოდებს.
"ქუთაისის თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დრომდე
საჯაროდ არ განუხილავს. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს
თანდართულ მასალებთან ერთად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი
წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის.
საკრებულო ვალდებულია საჯაროდ განიხილოს ბიუჯეტის პროექტი, რაც ქალაქ
ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოებს ამ დრომდე არ განუხორციელებიათ",
- ნათქვამია
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას,
მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს, თუმცა, მათი თქმით, ეს საკმარისი
არ არის.
"ქალაქის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტი
საკრებულოში პირველი წარდგენისა და ცენტრალური ბიუჯეტის პარამეტრების
შესაბამისად ცვლილებებს განიცდის, რის შესახებაც სამოქალაქო
სექტორისათვის ნაკლებადაა ცნობილი. უკანასკნელი ცვლილებების შესახებ
ინფორმაციის უქონლობის პირობებში კი ბუნებრივია კომპეტენტური
რეკომენდაციების მომზადება შეუძლებელი ხდება.
თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ
ხელისუფლებას ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის საკრებულოში წარდგენის ვადა 10
დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, გაუგებარია, როდის გეგმავს ქალაქის
ხელმძღვანელობა საჯარო განხილვის გზით გააცნოს საზოგადოებას ქალაქის
მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და მათგან წამოსული
შენიშვნები ან/და რეკომენდაციები მოისმინოს და გაითვალისწინოს", -
აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში.
რამდენად ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს ქუთაისი
მერიაში და გაითვალისწინებენ თუ არა მათ რეკომენდაციებს, ამის
გასარკვევად მერიის პრესსამსასახურს დავუკავშირდით.
ქუთაისიპოსტს მხოლოდ ის განუმარტეს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის
განსახილველად არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ხვალ, 9 დეკემბერს,
12:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები