ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე
საუბრობენ. მათი თქმით, ამ კუთხით ბევრი რამეა გამოსასწორებელი.
"არ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება. ძალიან ცუდი პირობებია. ტექნიკა
კი მოძველებული. ელმავალი 60 წლის წინანდელია" - ამბობს მაღაროში
დასაქმებული ერთ-ერთი მუშა, ილია მუმლაძე.
თუმცა, მაღაროს მუშები თავს იკავებენ იმ სავარაუდო მიზეზებზე
საუბრისგან, რაც
3 დეკემბერს მაღაროში მამაკაცის გარდაცვალების
მიზეზი გახდა. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არც
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აკეთებენ.
ჭიათურის მაღაროებში სამუშაოებს შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ახორცილებს.
კომპანიის ადმინისტრაციაში ქუთაისიპოსტთან საუბარში ირწმუნებიან, რომ
ყოველწლიურად ტექნიკის გასაახლებლად მინიმუმ 6-7 მილიონ ლარი
იხარჯება.
"რაც შეეხება ელმავალს, ყველა გამართულ მდგომარეობაშია და ყველა
მემანქანეს აქვს დაწესებული უსაფრთხოების ნორმები, რომელიც უნდა
დაიცვას. ჭიათურაში ქარხანა არის 130 წლის და ბუნებრივია ორ
წელიწადში არ შეიცვლება ის, რაც არ გამოცვლილა 40 წელიწადია", -
განმარტავს შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც
სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების
ნორმების დარღვევას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და
მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები