აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საბიბლიოთეკო
კორპუსის მშენებლობისთვის 2543 008 ლარის ღირებულების ტენდერი
შეწყდა.
ელექტრონული შესყიდვის შეწყვეტის მიზეზი, ტენდერში მონაწილე კომპანიის
მხრიდან, შესაბამისი გამოცდილების არარსებობა გახდა.
კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად,
გამარჯვებულ კომპანიას 2.5.1 მუხლი უნდა დაეკმაყოფილებინა, რომლის
მიხედვითაც, მას 1 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობის
გამოცდილება უნდა ჰქონოდა.
აღნიშნული მუხლი ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანია
"კავკასუსინვესტმა" დავების საბჭოში გაასაჩივრა.
ელექტრონული შესყიდვის შეწყვეტის ოქმში წერია, რომ ტენდერში მონაწილე
კომპანია "კავკასუსინვესტმა" დავების საბჭოს საჩივრით მიმართა, სადაც
კომპანია ამტკიცებდა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ
მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.
კერძოდ "კავკასუსინვესტის" განცხადებით ის აკმაყოფილებს 2.5.1 მუხლის
მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კომპანიას უკვე დასრულებული ჰქონდა ერთი
მილიონი ლარის ღირებულების ობიექტი. საუბარია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე
შენობა "აისის" საცხოვრებელ სახლად გადაკეთებაზე.
"შემსყიდველ ორგანიზაციას გაუჩნდა ეჭვი, რომ მომჩივანი ორგანიზაცია
განზრახ არ აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და
საჩივრის წარდგენით აკეთებს დროის ზეწოლით გავლენას შემსყიდველ
ორგანიზაციაზე. აღნიშნული ქმედებით პრეტედენტი ცდილობს იძულებული
გახადოს შემსყიდველი ორგანიზაცია ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო
ქმედება" - წერია შესყიდვის შეწყვეტის ოქმში.
აღნიშნული ოქმის მიხედვით კომპანია "კავკასუსინვესტი" ტენდერებით
ჩატარებული სამუშაოების გამო 2016 წლის 4 ოქტომბერს დარეგისტირებულია
შავ სიაში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2.5.1 მუხლი ძალაში დატოვა,
"კავკასუსინვესტთან" ხელშეკრულება არ გააფორმა და 2016 წლის 24
ნოემბერს ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მომჩივან კომპანიასთან
საჩივრების განხილვა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობის ვადებს
გააჭიანურებდა და ამიტომ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
"ჩვენ დროში ვართ შეზღუდული, შეიძლება ამ კომპანიამ ეს დავა თვეების
განმავლობაში გააგრძელოს, ამიტომ გადავწყვიტე ტენდერი შემეწყვიტა და
რამდენიმე დღე დაკარგულიყო, ვიდრე თვეობით მედავა ამ საკითხზე და
კორპუსის მშენებლობა ვადებში ვერ ჩაგვეტია," – აცხადებს წერეთლის
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღავნელი, კახა კუპატაძე.
წერეთლის უნივერსიტეტმა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობაზე ახალი
ტენდერი უკვე გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვა 2016 წლის 30 ნოემბერს
გამოცხადდა. განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს
ამოიწურება.
წერეთლის უნივერსიტეტმა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის
პირველი ტენდერი 2016 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა. ელექტრონულ
შესყიდვაში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო.
კორპუსის მშენებლობისთვის 200 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები