თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებ–გვერდის უწყებით,
ახალშობილის ცემისთვის ბრალდებულ ძიძას გირაო შეეფარდა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ,
ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს აღკვეთის
ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო - 1000 ლარის ოდენობით, საპატიმრო
უზრუნველყოფით," – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბრალდებული გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის
შემთხვევაში, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლდება.
"სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, დასაბუთებული ვარაუდის
შესაბამისად, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის
მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი
პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს
ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. საქმეზე
წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათზე,
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება,"– აცხადებენ თბილისის
საქალაქო სასამართლოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანის ცემის
ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ქალი
დააკავა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში,
თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა.
სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ მან 10 თვის გოგონას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ
დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი
გამოიწვია.
ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
შსს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე საქმე საქართველოს
სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები