"ქალთა ფონდი საქართველოში" სექსუალური შევიწროების წინააღმდედ
კამპანიას იწყებს.
ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების
ამაღლება და სექსუალური შევიწროების კანონში ასახვა.
"საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სექსუალური
შევიწროება მასშტაბურ და ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს.
არასასურველი შეხება ტრანსპორტში, სტვენა, დაჟინებული ყურება,
უცნობების კომენტარები და მიძახებული "კომპლიმენტები" ქუჩაში, პირადი
ხასიათის კითხვები ან სექსუალური ხასიათის ქცევები/შემოთავაზებები
სამუშაო ადგილზე და სხვ. - სექსუალური შევიწროების ფორმების მხოლოდ
მცირე ჩამონათვალია.
ხშირად, ქალები ვერ ამჩნევენ ან არ აღიარებენ, რომ მათ მიმართ
განხორციელდა სექსუალური შევიწროება, რადგან საზოგადოებას არ აქვს
საკმარისი ინფორმაცია ამგვარი შევიწროების ფორმების შესახებ, ამასთან,
სექსუალური შევიწროება (განსაკუთრებით ქუჩაში) იმდენად ყოველდღიურად
გავრცელებეული მოვლენაა, რომ ძირითადად, შეუმჩნეველი რჩება და მას
ყურადღება მხოლოდ მაშინ ექცევა, თუ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა,"-
აცხადებენ ორგანიზაციაში "ქალთა ფონდი საქართველოში."
კამპანიის ფარგლებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი სოციალურ
მედიაში ორგანიზებას გაუწევს მას და შეაგროვებს სექსუალური
შევიწროების გამოცდილების მქონე ქალების პირად ისტორიებს. ასევე,
ჩატარდება ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის, ფილმის ჩვენება და სხვა
აქტივობები.
"ქალთა ფონდი საქართველოში" მიმიდნარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში
დისკუსიებს გამართავს და ამ თემაზე მომზადებულ ვიზუალიზაციებს,
საინფორმაციო ბუკლეტებს, პოსტერებსა თუ სტიკერებს გაავრცელებს.
25 ნოემბერს კი, ფონდი დოკუმენტურ სპექტაკლს "შვიდი" წარმოადგენს,
რომელიც 7 უფლებადამცველი ქალის რეალურ ისტორიაზეა გადაღებული.
"ქალთა ფონდი საქართველოში" სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ
კამპანიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ახალგაზრდა მწვანეები,
კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი
უერთდება.
მასალის გამოყენების პირობები