ახალი ამბები
სწავლა საზეპიროების გარეშე – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგის შეფასება
FaceBook
სკოლებში მოსწავლებისთვის სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებებიდან, პოემებიდან და ლექსებიდან საზეპიროების მომზადების გადაწყვეტილებას კონკრეტული საგნის მასწავლებელი ინდივიდუალურად იღებს.

მსგავსი ტიპის მასალები ძირითადად ქართულ ლიტერატურაში, ისტორიასა და უცხო ენებში ჭარბობს.

სწორედ, საზეპიროების სიმრავლეს მიიჩნევს თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთ პრობლემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

სკოლაში სწავლება საზეპირო მასალის გარეშე - ასეთია ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა, რომელიც მან სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააჟღერა.
საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ მინისტრის ინიციატივაზე ქუთაისელი მოსწავლები და მასწავლებლები, ასევე, როგორია ფსიქოლოგის მოსაზრება.

რას ფიქრობენ მოსწავლეები

განათლების მინისტრის ახალმა ინიციატივამ განსაკუთრებული მოწონება მოსწავლეებში დაიმსახურა.

მათი თქმით, ის მასალა, რომელიც საზეპიროებით შეისწავლეს უინტერესო და სტრესულია.

"მასალები, რომლებიც უნდა დავიზეპიროთ, დიდი დროს მართმევს. ხშირად მისწავლია მასალა, რომლის შინაარსიც არ მცოდნია კარგად, ამასთანავე დაზეპირებული მასალა მალე მავიწყდება და ის ჩემთვის შედეგის მომტანი არ არის," – განმარტავს ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლე.

მოსწავლეები ლექსისა თუ პოემის დაზეპირებას, იმ თემაზე მსჯელობას ამჯობინებენ, რაც მათშია გადმოცემული.

"კარგი იქნება თუ საზეპირო მასალები აღარ გვექნება და გაკვეთილებზე გავაანალიზებთ იმ ლექსებს ან პოემებს, რომლის დაზეპირებასაც გვთხოვენ. მინდა მეტი ვიმსჯელოთ, მეტად დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და 45 წუთი მხოლოდ დაზეპირებული ლექსის მოსმენას ან მასწავლებლის საუბარს არ ეთმობოდეს," - ამბობებ მოსწავლეები.

რას ფიქრობენ მასწავლებლები

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო არსენიძეს განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა არ მოსწონს. მისი თქმით, საზეპირო მასალა გონების ვარჯიშისთვის აუცილებელია და ის აქტიური სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

"როგორ შეიძლება ავთანდილის ანდრეძი გავაშინაარსო და ისე ვასწავლოთ, ან კომიქსები შევქმნათ და ამ ფორმით ავუხსნათ. სწორედ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებში საგამოცდო თემები "ადეკვატურ ციტირებას" 6, ხოლო "ზოგად განათლებას" 4 ქულით აფასებს. გამოდის, აუცილებელი ყოფილა საზეპიროები," - ამბობს ნინო არსენიძე.
ის, ასევე, ბავშვებში არგუმენტირებული მსჯელობის არარსებობაზე და სკოლებში მოსწავლეების წიგნიერების დაბალ დონეზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების სურვილი, გაკვეთილი მსჯელობის ფორმატით მიმდინარეობდეს, ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ მთავრდება.

"ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც მოსწავლე გაკვეთილის პროცესში აქტიურად ერთვება და ცდილობს იმსჯელოს, მაგრამ მთელი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ მე ის ვერ მომყვება, ვერ პასუხობს ჩემს კითხვებს, რადგან არ აქვს სიტყვის მარაგი, საუბრობს "ქუჩის" ენით. მიზეზი კი, სწორედ, მისი განათლების დაბალი დონეა. მას ზეპირად ერთი ციტატის თქმაც კი არ შეუძლია. ეს უკვე დიდი პრობლემაა და თუ საზეპიროები გაქრება, რა თქმა უნდა, ვითარება უფრო დამძიმდება,"- აღნიშნავს ნინო არსენიძე.

საზეპიროების ერთ-ერთ მთავარ მიზნად, ლიტერატურული გემოვნების დახვეწას მიიჩნევს ფილოლოგი მაია ჩიქოვანი.

"შედევრის გემო როდის უნდა გაიგოს მოსწავლემ? ლიტერატურული გემოვნება როდის უნდა ჩამოუყალიბდეს? მდარე და მაღალი ხარისხის პოეზია როდის უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან? რა თქმა უნდა, პირველივე კლასიდან. თუ მათ უნდათ გაკვეთილზე მსჯელობა, ამისთვის მზად უნდა იყვნენ. საზეპიროების გარეშე, ამას ვერ მოახერხებს მოსწავლე," - ამბობს მაია ჩიქოვანი.

რას ფიქრობს ფსიქოლოგი

ბავშვთა ფსიქოლოგი, ეკა გვეტაძე საზეპირო მასალის აუცილებლობაზე მიუთითებს. ის აღნიშნავს, რომ საზეპიროები გონების ვარჯიშისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. თუმცა, ეკა გვეტაძე მიანიშნებს, რომ მსგავსი ტიპის დავალებები ეფექტური მაშინაა, როდესაც მას მოსწავლის მხრიდან გაანალიზება და მსჯელობა თან ახლავს.

"საზეპიროს ვერ ვუწოდებ მხოლოდ დამთრგუველს. ის საჭიროც არის გონებისთვის. თუმცა, ზომიერების ფარგლებში. ბავშვში ყოველთვის არის სტრესის გამომწვევი ის, რასაც შეფასება მოსდევს, ამიტომ მასწავლებელმა მოსწავლე, ანალიზის და საზეპიროების კუთხით, თანაბრად უნდა შეაფასოს," - ამბობს ეკა გვეტაძე.

მისივე აზრით, მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესზე მეტად სტრესული სასწავლო გარემოა. ეკა გვეტაძე იმ მეთოდებზე ამახვილებს ყურადრებას, რომელიც საქართველოში საგანმანათლებლო სფეროში გამოიყენება.

"მაშინ როდესაც საქმე ეხება სწავლას, ბავშვისთვის გარემო არ უნდა იყოს ასეთი მძიმე. მასწავლებლების მხრიდან დირექტიული მიდგომა ბავშვებთან არ ჭრის. აუცილებელია სკოლაში მოსწავლეები აღიქმებოდენ პიროვნებებად და სასწავლო გარემო მათ არ თრგუნავდეს. თუ მოსწავლე ამ დირექტივებით დაითრგუნა, საზეპირო მასალით გამოწვეული სტრესი ამის ფონზე თითქმის უმნიშვნელო ხდება," - ამბობს ეკა გვეტაძე.

###

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ საზეპიროების გარეშე სწავლების მეთოდები მხოლოდ იდეის დონეზე განიხილეს და ამ დროისთვის ინიციატივაზე მუშაობა არ დაწყებულა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.