ბაღდათის გამგებლის მოადგილე "საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს" 2016 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული
კვლევის უზუსტობაში ადანაშაულებს.
გელა მშვილდაძე ქუთაისიპოტთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით დაინტერსდება.
"რა ნეპოტიზმი, აბსურდია, ბატონო ეს. ჩემი შვილი, იმის გამო ჩემი
შვილია, ვერსად ვერ იწყებს მუშაობას და ახლა კერძო კომპანიაში
დისტრიბუტორად მუშაობს. ჩემი მეუღლეც უმუშევარია. თქვენ ხომ
დამირეკეთ, ყველა თქვენსავით ვერ დამირეკავს, ვიღაცა წაიკითხავს ამ
კვლევას და დაიჯერებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ან თავი
დაგვანებონ ან პასუხი უნდა აგონ. ახლა შეხვედრაზე ვარ და მერე
აუცილებლად მოვიკითხავ ამ ამბავს," - აცხადებს გელა მშვილდაძე.
"გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში კი ნათქვამია, რომ
"2015 წლის დეკლარაციით, მისი შვილი ზურაბ მშვილდაძე ბაღდათის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურიერად მუშაობდა, 2016 წლის დეკლარაციის
თანახმად კი, ის ფონდის ოპერატორის თანამდებობას იკავებს".
თუმცა, დეკლარაციაში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელ ფონდზეა
საუბარი. შესაბამისად, ეს არც კვლევაშია დაზუსტებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" არ იზიარებენ გელა
მშვილდაძის პრეტენზიას. ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი, გიორგი
ნასრაშვილი ქუთაისიპოტთან საუბარში განმარტავს, რომ მათ მიერ
ჩატარებული კვლევა საჯარო მოხელეების მიერ შევსებული დეკლარაციის
საფუძველზე მომზადდა.
"ჯერ ერთი, თუკი დეკლარაცია არაზუსტად აქვს შევსებული და მეორე,
დეკლარაციაში დისტრიბუტორად არა შვილი, არამედ მეუღლე ჰყავს
მითითებული,"– განმარტავს გიორგი ნასრაშვილი.
როგორც ქუთაისიპოსტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის
პრესსამსახურში განუმარტეს, ზურა მშვილდაძე მუნიციპალიტეტის
დაქვემდებარებაში ასრებული ინფორმაციული უზრუნველყოფის ეთნოკულტურისა
და ტურიზმის განვითარების ფონდის ოპერატორად მუშაობდა. თუმცა,
გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ის უკვე რამდენიმე თვეა ამ ფონდში აღარ
მუშაობს.
გელა მშვილდაძე, ბაღდათის გამგებლის მოადგილედ, 2014 წლის ადგილობრივი
თვითმმართვლობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ამ დროისთვის ის
გამგებლის მოვალეობას ასრულებს.
გელა მშვილდაძის მიერ მიმდინარე წელს შევსებულ
დეკლარაციაში, მისი მეუღლე, მედეა მერკვილაძე შპს
"გრიმლაიფი" -ს დისტრიბუტორად, ხოლო შვილი ზურაბ მშვილდაძე ფონდის
ოპერატორის პოზიციაზე.
ორგანიზაციის კვლევაში ბაღდათის გამგებლის გარდა, იმერეთის რეგიონის
კიდევ
ხუთი მუნიციპალიტეტი მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები