"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში მოხსენიებული იმერეთის
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ნეპოტიზმის გამოვლენის ფაქტებს არ
იზიარებენ.
ორგანიზაციამ თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები
შეისწავლა და მასზე დაყრდნობით მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კვლევა
გამოაქვეყნა. მასში იმერეთის რეგიონიდან საჩხერის, ხარაგაულის,
ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლები მოხვდნენ.
ხარაგაულის გამგებლის პირველი მოადგილე, პაატა გოგოლაძე
ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მისი თანამდებობის გამო,
ოჯახის წევრები არ უნდა დაიჩაგრონ.
"ჯერ ერთი, ჩემს მეუღლეს ვერ დავსჯიდი იმის გამო, რომ მე თანამდებობის
პირი ვარ და მეორე, მას მე არ დავაწყებინე მუშაობა. ის კვალიფიციური
კადრია და ვფიქრობ, ასეთი კადრები არ უნდა დაიკარგოს. აქ მე ვერ ვხდავ
ნეპოტიზმის რაიმე ნიშნებს", - ამბობს ხარაგაულის გამგებლის პირველი
მოადგილე.
კვლევის მიხედვით, მისი მეუღლე ირმა დეკანოსიძე, 2015 წელს ააიპ
ხარაგაულის შიდა ტურიზმისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის
სპეციალისტი და ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდი იყო.
მიმდინარე წლის დეკლარაცაში კი მის სამსახურად მხოლოდ ააიპ ხარაგაულის
ისტორიული მუზეუმის გიდის პოზიციაა აღნიშნული.
"2015 წლიდან მუშობდა ჩემი მეუღლე გუბერნიაში მე როცა მივედი და
მაშინაც, არ ირღვეოდა კანონი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარი
განცხადების საფუძველზე მან მაინც დატოვა თანამდებობა. შემდეგ იყო
თავისუფალი ადგილი ბაგა–ბაღების გაერთიანებაში და იქ დასაქმდა ბაღების
ააიპში. ეს კი არ არის გუბერნიის დაქვემდებარებაში არსებული უწყება",
- ამბობს იმერეთის ვიცე -გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმძღვენლი, გიორგი ჭიღვარია.
მისი მეუღლე, თამთა ფოფხაძე ამ დროისთვის ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების
გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზეა წარმოდგენილი. თუმცა,
ორი წლის წინ ის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რიგით
სპეციალისტად მუშაობდა.
"ჩემი მეუღლე არის კონკურისის წესით დანიშნული და რა მე რა შუაში ვარ
ან ნეპოტზმი? როგორ შეიძლება ასე შეფასება. რა ვქნათ თანამდებობის
პირების ოჯახის წევრები არ უნდა დასაქმდენენ და მუშაობდნენ საჯარო
უწყებებში თუ რა შეფასებაა ეს", - აცხადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის
გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვახტანგ
გვენეტაძე, რომელიც, ასევე, მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის
კვლევაში.
კვლევის თანახმად, მისი მეუღლე ქეთევან ჯანელიძე, ტყიბულის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს
სპეციალისტად მუშაობს.
"რა შაუაშია აქ ნეპოტიზმი, მე დავაწყებინე მუშაობა? მაინეტერესებს, არ
აქვს ჩემს მეუღლეს მუშაობის უფლება იმის გამო, რომ მე ვარ საჯარო
სამსახურში", - ასეთია "გამჭვირვალობის" კვლევაში მოხსენიებული
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების,
სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრე
მოსიაშვილის პოზიცია.
მისი მეუღლე, ასმათ აბრამიშვილი ააიპ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის
სახლის უფროსი სპეციალისტია.
ბაღდათის გამგებლის მოადგილე გელა, მშვილდაძე კი არასამთავრობო
ორგანიზაციას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში
ადანაშაულებს.
"ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებში გამოვლინდა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე,
როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის
წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა," - განმარტავენ არასამთავრობო
ორგანიზაციაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".
მასალის გამოყენების პირობები