ქუთაისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა დაიწო.
პროექტი განსახილველად საკრებულოს მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე უნდა
გადაეცეს.
"ბიუჯეტი ხალხთან ერთად" ქუთაისში 2008 წლიდან ხორციელდება.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგეგმარების ეს მეთოდი
თვითმმართველობამ წელსაც ქალაქის ტერიტორიულ ერთეულებში
მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის ბიუჯეტის
პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობის წინადადებებსა და
მოსაზრებებს ეცნობიან.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი
ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნები
მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული გეგმები მოსახლეობის ნაწილისთვის
მისაღები, თუმცა არაპრიორიტეტულია.
ქალაქის მომავალი ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიუღია
ჯავახიშვილის ქუჩის # 1 კორპუსის მცხოვრებლებს. მათი თქმით,
ადგილობრივი ხელისუფლებიდან ბიუჯეტის დასაგეგმად მათთან არავინ
მისულა.
"რომც მოსულიყვნენ, არავინ დაელაპარაკებოდა. განაწყენებულია ხალხი.
რამდენჯერ ვთხოვეთ დახმარება – მოვლენ, ნახავენ, მიდიან. საბოლოოდ კი,
არაფერი კეთდება," – ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის # 1 ბინის მცხოვრები
გია ბენდელიანი.
ქუთაისში საღარაძის ქუჩის მცხოვრები მარინე ბერაძე კი ამბობს, რომ
ქალაქში უმთავრესი პრობლემა დაბალი სოციალური ფონია და ადგილობრივმა
ხელისუფლებამ სამუშაო ადგილების შექმნაზე უფრო მეტი უნდა იზრუნოს.
"ყველაფერი საჭიროა, ქუჩების მოწესრიგებაც მათ შორის, მაგრამ
დასაქმებას რომ ვერ ვახერხებ, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი
პრობლემა. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვა ყველაზე
მეტად სჭირდება ხალხს. თუ არ ვიარსებე, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენს,"
–აცხადებს მარინე ბერაძე.
სოციალური პრობლემებია პრიორიტეტული უქიმერიონის მუნციპალიტეტის
მოსახლეობისთვისაც. ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ნომერ პირველი
პრობლემა ქალაქში დაბალი სოციალური ფონია, რაც უმუშევრობითაა
გამოწვეული.
საღარაძის ქუჩაზე არსებული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე, ცისანა
სვანიძე კი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტების მოსახლეობასთან ერთად
დაგეგმვმა აზრს მოკლებულია.
"არაფერს აზრი არ აქვს. მაინც რაც უნდათ იმას აკეთებენ. რაც გინდა და
რამდენიც გინდა მოითხოვე, არავინ ყურადღებას არ გაქცევს", –აცხადებს
ცისანა სვანიძე.
"ოპერაციას ვუკეთებ მეუღლეს, პირველად მაქვს შეხება ჯანდაცვის ამ ახალ
პროგრამასთან და ახლა უფრო კარგად მივხვდი, რომ ადგილობრივი
ხელისუფლება უფრო მეტად უნდა დაუდგეს გვერდით ასეთ დროს ხალხს," –
ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები, ნინო ავალიშვილი.
ქუთაისის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ მოსახლეობა გასული წლის
მსგავსად, წელსაც გზების დაგებას, ქუჩების მოწესრიგებას, ეზოების
კეთილმოწყობასა და მსგავსი პროექტების განხორციელებას ითხოვს.
ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში
ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა იქნება.
"ეს არის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, სადაც ადგილობრივ
თვითმმართველობას შეუძლია ხელი შეუწყოს მოსახლეობას და
ბიზნეს–ორგანიზაციებს, რათა ქალაქში მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს
ინფრასტრუქტურა," – აცხადებს კოტე ქავთარაძე.
ქუთაისის მერიამ, წელს 90 ინფრასტრუქტურული პროექტის
დასაფინანსებლად, რეგიონალური განვითარების ფონდს 38 მილიონის
მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, რაც 25 მილიონი ლარით მეტია გასულ წელს
ამავე მიზნით მობილიზებულ თანხაზე.
ამავე დროს, ქუთაისის ვიცე–მერი კოტე ქავთარაძე ირწმუნება, რომ 2017
წელს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა მიმდინარე წელთან
შედარებით გაზრდილი იქნება.
ახალი ბიუჯეტი ქალაქს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში
ექნება.
მასალის გამოყენების პირობები