თბილისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის
მიმართულებით, შესაძლოა, მატარებელი დაინიშნოს, რომელიც პირდაპირ
რეისებს რეგულარულად შეასრულებს.
"საქართველოს რკინისგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსის, დაცი ცაგურიას თქმით, პირველ ეტაპზე პროექტის მომგებიანობა
და ეფექტურობა უნდა დადგინდეს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი
მშენებლობა.
"წამყვანი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე,
რომელმაც უნდა დაადგინოს პროექტის ეკონომიკური ეფექტურობა. ეს
მოგვცემს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს პროექტი.
ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან ეფექტური და მოსახერხებელი, არა მხოლოდ
ქუთაისის აეროპორტში მიმავალი მგზავრებისთვის, არამედ ყველა
ადამიანისთვის, ვინც ქუთაისში და თუნდაც ევროპაში მიდის,"- განაცხადა
ქუთაისიპოსტთან საუბარში დაჩი ცაგურიამ.
მისი თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება,
რის შემდეგაც, საპროექტო წინადადებების მისაღებად, ტენედრი
გამოცხადდება.
მოგვიანებით კი, ასევე, ტენდერის გზით, სამუშაოების მწარმოებელი
კომპანია შეირჩევა.
სამუშაოების დაწყებისა და პროექტის დასრულების დეტალებზე "საქართველოს
რკინიგზაში", ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.
უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ მატარებლით მგზავრობის ტარიფი
მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.
"საქართველოს რკინიგზა" ერთ-ერთი ყველაზე იაფია მთელს მსოფლიოში,
ამიტომ ამ შემთხვევაშიც არ იქნება მაღალი ტარიფები",-აცხადებს დაჩი
ცაგურია.
ამ დრომდე, თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასულ მგზავრებს,
აეროპორტამდე მისასვლელად, დამატებითი ტრანსპორტის გამოყენება
სჭირდებათ, რაც გარდა გართულებული გადაადგილებისა, გაზრდილ ხარჯებთან
არის დაკავშირებული.
მასალის გამოყენების პირობები