ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ტელეფონისა და ინტერნეტით
მომსახურებისთვის მიმდინარე წელს, ქალაქის ბიუჯეტიდან 93 600 ლარს
ხარჯავს, რაც გასული წლის მონაცემებს 18 800 ლარით აღემატება.
ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისის
საკრებულოს, მერიისა და სამხედრო სამსახურის სატელეფონო ხარჯებისთვის,
მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 68 500 ლარია განსაზღვრული, ხოლო
ინტერნეტით მომსახურებისთვის 25 100 ლარი.
თვითმმართველობას სატელეფონო მომსახურებას შპს "ახალი ქსელები" და
"მაგთიკომი" უწევს.
გასულ წელთან შედარებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 500 ლარით
შეამცირა სახელმწიფო სპეციალური კავშირების სააგენტოს საკომუნიკაციო
ხარჯები, რაც მიმდინარე წელს 1500 ლარს შეადგენს.
კომპანია "სილქნეტის" მომსახურების თანხები, რისთვისაც გასულ წელს
2600 ლარი დაიხარჯა, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული საერთოდ არ
არის.
მიუხედავად იმისა, რომ მიმიდნარე წელს ქუთაისის ადგილობრივი მთავრობა
"სილქნეტის" მომსახურებით არ სარგებლობს, სატელეფონო ხარჯები, გასულ
წელთან შედარებით, გაზრდილია.
მაგალითად, თუ 2015 წელს შპს "ახალი ქსელების" მომსახურება 6900 ლარს
შედგენდა, წელს ის 7000 ლარი გახდა.
"მაგთიკომს" შარშან ქუთაისის მერიამ 43 300 ლარი გადაუხადა, 2016 წელს
კი კომპანიის სერვისით სარგებლობა 60 000 ლარი ღირს. ასევე, გაზრდილია
ინტერნეტის მომსახურების ხარჯებიც, რაც წელს 25 100 ლარს შეადგენს,
ხოლო გასულ წელს მასზე 20 000 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება თანამდებობის პირებისთვის გათვალისწინებულ სატელეფონო
ხაჯებს, თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,
ქუთაისის მერის, მისი ორი მოადგილისა და 9 სამსახურის უფროსის
სატელეფონო მომსახურებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში 455 ლარი
იხარჯება, რაც წლის განმავლობაში 5460 ლარს შეადგენს.
მათ შორის, სატელეფონო საუბრებისთვის 80 ლარიანი ყოველთვიური
დაფინანსებით სარგებლობს ქალაქის მერი შოთა მურღულია, ხოლო მისი
მოადგილეები 50-50 ლარიან დაფინანსებას იღებენ.
2016 წლის მონაცემებით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ
დაწესებულების რაოდენობა, რომლებსაც სატელეფონო ხარჯები
უნაზღაურდებათ, გაზრდილია.
თუ გასულ წელს, 14 ააიპ ორგანიზაციიდან ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ
ოთხს აფინანსებდა, მიმდინარე წელს მერია უკვე 9 ააიპ–ის სატელეფონო
ხარჯებს ფარავს. მათი სატელეფონო საუბრები 16 265 ლარს შეადგენს, რაც
გასულ წლის მონაცმებს 5 016 ლარით აღემატება.
მიმდინარე წელს ამ მიზნით დაფინანსება მოემატა ააიპ კულტურულ,
სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებას. მათთვის გასულ წელს 1
700 ლარი, წელს კი 2 040 ლარია გათვალისწინებული.
ასევე, სატელეფონო საუბრებისთვის 2 160 ლარი მიიღო ააიპ
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის
ცენტრმა, რაც გასული წლის ამავე დანიშნულებით გამოყოფილ თანხას 704
ლარით აღემატება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ტელეფონისა და ინტერნეტით მომსახურების
საერთო თანხიდან (93 600 ლარი) მერიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ
ააიპ დაწესებულებებზე 21 725 ლარი იხარჯება.
მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, დარჩენილი თანხა, 71
875 ლარი ქუთაისის საკრებულოსა და სამხედრო სამსახურის თანამშრომელთა
სატელეფონო საუბრებს ხმარდება.
მასალის გამოყენების პირობები