ქუთაისში სავაჭრო ობიექტებსა და სუპერმარკეტებში ერთი კილოგრამი
შაქრის ღირებულება 2, 20 - 2, 50 თეთრი გახდა.
საკვები პროდუქტის ფასი, რეალიზატორების თქმით, ბოლო ერთი კვირის
განმავლობაში გაძვირდა.
"რამდენიმე დღის წინ მომმარაგებელმა 115 ლარად ჩაგვაბარა ერთი ტომარა
შაქარი, როცა მას 85 ლარად ვიბარებდით. მომწოდებელი ძვირად გვაწვდის
პროდუქტს და რა თქმა უნდა, გავაძვირეთ ფასი. ახლა ერთი კილოგრამი
შაქრის ღირებულება ჩვენს მაღაზიაში 2,20 თეთრია," - ამბობს ქუთაისში
წერეთლის ქუჩაზე არსებული მარკეტის თანამშრომელი.
კილოგრამი შაქრის ღირებულება ქუთაისის სავაჭრო ობიექტების
უმრავლესობაშია გაძვირებული, თუმცა ზოგიერთ მაღაზიაში პროდუტქტის
ყველაზე მაღალი ფასი 2,50 თეთრს შეადგენს.
"ტომარა შაქრის ფასი ერთი თვის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც
საცალო ფასზეც აისახა. შაქრის მორიგი გაძვირების შიშით, რეალიზაციაც
არის გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაღაზიაში შაქრის ფასი
2,50 თეთრია," - ამბობენ ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე არსებულ
მარკეტში.
მიმწოდებლები, რომლებიც სუპერმარკეტებსა და მაღაზიებს შაქრით
ამარაგებენ, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, რომ პროდუქტის ფასი
არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში და მსოფლიოშია
გაძვირებული.
"საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა პოდუქტი. ჩვენც მომატებულ ფასში
ვიბარებთ და ასევე, გაძვირებული ფასით ვაბარებთ," - ამბობენ ე.წ.
დისტრიბუტორები.
შაქრის ფასის მატებას უარყოფითად აფასებენ ადგილობრივები.
"მალე ალბათ სხვა პროდუქტებიც დაიწყებს გაძვირებას, ასე არ იციან?
არჩევნებამდე ყველაფერი კარგადაა და იაფადაა, მერე რატომღაც ყველაფერი
ძვირდება და რთულდება,"- ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თინა
კობახიძე.
ერთი თვის წინ ქუთაისში ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარი
გახლდათ.
მასალის გამოყენების პირობები