ქუთაისში, ზამთრის სეზონის მოხლოებასთან ერთად, ადგილობრივი
მცხოვრებლები ელექტროენერგიის ბოძების მოწესრიგებაზე საუბრობენ.
მათი განარტებით, საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებულ
ელექტროენერგიის ბოძებზე რამდენიმე ელექტროსადენის გადაყვანა,
შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.
"ზამთარში სულ რაღაც მიკროჩართვები ხდება ხოლმე და სულ შიში მაქვს,
ერთ ბოძზე უამრავი ელექტროსადენი რომ გაჰყავთ. ჯერ ერთი, ობობას
ქსელივით არის და მეორე, შეიძლება, დატვირთვას ვერ გაუძლოს ან ხაზები
გადაედოს ერთმანეთს", - ამბობს ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩის
მცხოვრები.
ელექტროსადენების მოწესრიგების საკითხი დადგა ქუთაისის საკრებულოს
2016 წლის 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე. უმრავლესობის დეპუტატის,
გურამ ტოროშელიძის განმარტებით, ქალაქში ელეტროსადენების ქსელი
ავარიულ მდგომარეობაშია, რომელსაც ზამთრის სეზონის დაწყებამდე
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში კი
ირწმუნებიან, რომ ქალაქში არსებული ელექტროქსელი, თითქმის მთლიანად,
დახურული (იზოლირებული კაბელები) ტიპისაა და მექანიკური დაზიანების
გარეშე, აბსოლუტურად უსაფრთხოა.
"გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ქუჩებში საყრდენებზე მხოლოდ
ელექტროსადენები არ არის დამონტაჟებული. ქალაქი დაქსელილია როგორც
ელგადამცემი კაბელებით, ისე სატელეფონო, საკაბელო ან ინტერნეტის
მიწისზედა ქსელითაც", - განმარტავს "ენერგო პრო-ჯორჯიას" ქუთაისის
სერვისცენტრის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი, თეონა
გეგუჩაძე.
რაც შეეხება, ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის ბოძებისა და
ქსელების მოწერიგებას, კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ,
რომ პროფლაქტიკური სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ.
"გარდა პროფილაქტიკური სამუშაოებისა, რომელიც სისტემატურად უტარდება
გამანაწილებელ ქსელსა და ელმოწყობილობებს როგორც მაღალი, ისე დაბალი
ძაბვის ქსელში, კომპანიამ შეისყიდა და მომსახურების ცენტრებში
გაანაწილა საჭირო მასალები და ინვენტარი, რაც გაუთვალისწინებელი
ავარიების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების მაქსიმალურად
ოპერატიულად წარმოების შესაძლებლობას იძლევა", - ირწმუნებიან "ენერგო
პრო-ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისში მათ ბალანსზე 7
000–მდე ხის, ლითონისა და რკინა-ბეტონის ელექტროენერგიის ბოძია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები