აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მოდულურ და საგნობრივ
პროფესიაზე მიღება გამოცხადდა.
პროფესიული სასწავლო პროგრამები სტუდენტებისთვის უფასო იქნება და ის
სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაფინანსდება.
2016 წლის პროფესიული პროგრამების საშემოდგო მიღებაზე დარეგისტრირება
ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელსაც საშუალო განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი უკვე მიღებული აქვს.
წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მსურველთათვის ასაკის ზედა
ზღვარი შეზღუდული არ არის.
"მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საშუალო
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ასევე, შეუძლიათ რეგისტრაცია
ჩვენს უნივერსიტეტში გაიარონ, სწავლა კი სხვა ქალაქში ან სხვა
სასწავლო დაწესებულებაში განაგრძონ. ამ მხრივ მათ დიდი არჩევანი
აქვთ,"- აცხადებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
წერეთლის უნივერსიტეტში მიმდინარე წელს პროფესიული პროგრამების
საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირება 355 სტუდენტს შეუძლია.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 3-დან 16 ოქტომბრის
ჩათვლით უნივერსიტეტში, სტუდენტთა აღრიცხვის და მომსახურების
განყოფილებაში, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა რესურს
და საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ.
დარეგისტრირებულ სტუდენტებს 2016 წლის 30 ოქტომბერს საჯარო სკოლებში
ტესტირება ჩაუტარდებათ. საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებისთვის
სწავლა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 8 -
26 თვე იქნება.
წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
მიღებული 355 სტუდენტის სწავლის თანხას, რომელიც თითოეული
მათგანისთვის 2 250 ლარს შეადგენს, სახელმწიფო დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები