"თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი
ქუთაისში, ნუგზარ უგლავა წინასაარჩევნო დარღვევაზე მიუთითებს.
მისი თქმით, მისი საარჩევნო პლაკატები "ქართული ოცნების" მიერ
დასახელებული კანდიდატების სააგიტაციო მასალით გადაიფარა.
"გუშინ, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე სახლში რომ ვბრუნდებოდი, დავინახე ჩემს
პლაკატზე დიმიტრი მხეიძის საარჩევნო პლაკატი იყო გადაკრული. სულ
მქონდა 7 პლაკატი და შვიდივეზე იყო გადაკრული,"–ამბობს ნუგზარ
უგლავა.
დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო პლაკატების გადაფარვაში "ქართული
ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს
ადანაშაულებს.
"საწყენია, რომ ახალგაზრდებს თავიდანვე კანონისა და კონკურენტების
უპატივცემულობას აჩვევენ. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი და ქვეყნის
ცხოვრებაზე აისახება", განაცხადა ნუგზარ უგლავამ.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, ოთარ ლორთქიფანიძე ბრალდებას
უარყოფს.
"წინასაარჩევნო კამპანია ყველა პარტიისთვის თანაბარ პირობებში
მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიას სრული კანონის დაცვით
ვაწარმოებთ. არც ერთ პარტიას ხელს არ ვუშლით,"- ამბობს ოთარ
ლორთქიფანიძე.
მასალის გამოყენების პირობები